"ოცნებისთვის" საქართველოს ნებისმიერი წარმატება მიუღებელია" - გრიგოლ გეგელია

29.05.26 18:38
"ოცნებისთვის" საქართველოს ნებისმიერი წარმატება მიუღებელია" - გრიგოლ გეგელია

"ქართული ოცნების" რეჟიმმა დღეს მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ მისთვის საქართველოს ნებისმიერი წარმატება მიუღებელია" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა, რუსეთთან პოტენციურ მოლაპარაკებებში ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომელიც საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანასაც მოიცავს. 

გრიგოლ გეგელიას თქმით, ეს არის წინადადება, რომელსაც ორი ხელით მიესალმება ნებისმიერი ნორმალური, ქვეყნის მოყვარული ხელისუფლება. თუმცა, კობახიძემ პასუხად "ევროპას მორიგ ჯერზე დაუწყო თითის ქნევა".

"ქართული ოცნების" რეჟიმმა დღეს მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ მისთვის საქართველოს ნებისმიერი წარმატება არის მიუღებელი.

დღეს სრულიად ევროპული კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპა მზადაა საქართველოს ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაციის საკითხი აქციოს მოლაპარაკების ერთ-ერთ საგნად ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

ეს არის წინადადება, რომელსაც ორი ხელით მიესალმება ნებისმიერი ნორმალური, ქვეყნის მოყვარული ხელისუფლება. მეტიც ეს არის ის რისთვისაც თვითონ უნდა იბრძოდეს, მუშაობდეს და იღლებოდეს ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება.

მაგრამ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პრემიერმა პასუხად ევროპას მორიგ ჯერზე დაუწყო თითის ქნევა, რადგან ეს არის დავალება რომელიც მან უნდა შეასრულოს.

კობახიძეს, რომელიც გუშინ იმასაც ვერ იხსენებდა, როგორ სცემდა ხარება ადამიანებს საკუთარ მანქანასთან ერთი წლის წინ, დღეს ახერხებს გაიხსენოს რომ თურმე ათწლეულების განმავლობაში ევროპული ბიუროკრატია ქართველი ხალხის წინააღმდეგ ყოფილა მომართული.

დიახ, ის ევროპული ბიუროკრატია რომელიც ათწლეულების მანძილზე აფინანსებდა ქართველი ერის განვითარებას, ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიის განვითარებას, ის. ბიუროკრატია რომელმაც მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და მოგვცა შანსი გადაგვედგა ნაბიჯი კეთილდღეობისა და მშვიდობისკენ, მანამ სანამ კობახიძეს თანაგუნდელები ასობით მილიონით და ჯამში მილიარდებით ძარცვავდნენ ღარიბი ხალხის ბიუჯეტს ქვეყანაში სადაც ბავშვებისათვის წამალს არ ყიდულობენ, მოხუცები კი გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობენ.

"ძლიერი საქართველო" მიესალმება საქართველოს ერთგული მეგობრის, კაია კალასის წინადადებას. ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას რათა საქართველო გავათავისუფლოთ რეჟიმისგან, რომელიც მიზანმიმართულად ჭრის ყველა იმ ტოტს, რაზეც ჩვენი სტაბილურობაა დამოკიდებული და შევქმნათ ეროვნული ხელისუფლება, რომელიც გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას რასაც ევროკავშირი თავაზობს ქართველ ხალხს ჩვენი საუკეთესო ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. 

  • ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვაში რუსული ჯარების ყოფნა ევროპის უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს და ევროკავშირში არავინ ეწინააღმდეგება იდეას, რომ რუსული ჯარები უნდა გავიდნენ.

ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს - კობახიძე საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნის შესახებ კალასის განცხადებაზე

მსგავსი სიახლეები