"იძულებითი აღიარება" - როგორ შეფასდა "ოცნების" განცხადებები ძალადობის კადრების გავრცელების შემდეგ და რა ურჩია პოლიციელებს წულუკიანმა
გორში მომხდარი ძალადობის კადრები - როგორც შანსი ხელისუფლებას რეაგირებისთვის თუ თავისტკივილი მხილების გამო? - "ქართულმა ოცნებამ" მძიმე ფაქტის სათავისოდ შემოტრიალება განიზრახა, თუმცა მათი პასუხები ფაქტობრივი დასტურია, რომ პოლიციელების სასწრაფო წესით დაკავება მათ ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროებამ აიძულა. გამოდის, რომ დაზარალებულს სიტყვაზე არავინ დაუჯერებდა, რომ არა ვიზუალური მტკიცებულება, რომლის უარყოფა "ოცნებისთვის" უკვე შეუძლებელი იყო.
"ოცნებაში" ვერ დაიმალა, რომ კადრები თავისტკივილადაც ექცათ. ამ შთაბეჭდილებას ტოვებს თეა წულუკიანის გამოსვლა პარლამენტში, სადაც დიდი ხნის მდუმარებაში მყოფმა ხმა ამოიღო და დაზარალებულის დაცვის ნაცვლად პოლიციელებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.
ყველა, ვინც მძიმე დანაშაულის ნახვამ აღაშფოთა და ხელისუფლების პასუხისმგებლობა დაინახა თეა წულუკიანისთვის ქვეყნის მტერია. ყველა წინააღმდეგობის მტრობად გამოცხადება "ოცნებისგან" სიახლე არ არის, თუმცა საინტერესო ისაა, რა იგულისხმა მან სიფრთხილეში.
ფრთხილად, არ გადაგიღონ თუ ფრთხილად, არ იძალადოთ - თეა წულუკიანის მიმართვის მიღმა მთავარი სათქმელის წაკითხვა მარტივია მათთვის, ვისაც ხელისუფლების ძალადობაზე რეაგირებები კარგად ახსოვს. ყოფილი სახალხო დამცველი იხსენებს 2024 წელს, რომლის დროინდელ ძალადობაზე პოლიციელების დასჯას ასობით მოქალაქე ამ დრომდე ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კადრები, ან არსებობს დემონსტრანტების ჩვენებები "ოცნებას" მოძალადეების დასასჯელად თავი არ შეუწუხებია.