EU საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანას ითხოვს - ბრიუსელის მოთხოვნას ივანიშვილის გუნდის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა
ლანძღვა და კრიტიკა - ასე შეხვდა "ქართული ოცნება", ევროკავშირის მოთხოვნას, რომ რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა საქართველოს ტერიტორია დატოვონ. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საპასუხოდ ივანიშვილის დაფუძნებულმა პარტიამ ისევ კონფრონტაცია არჩია. არ სჯერათ, რომ ევროკავშირის დღის წესრიგში ნამდვილად არის რუსული საოკუპაციო ჯარების საქართველოდან გაყვანა.
არადა ევროკავშირის სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩო-დოკუმენტში შავით თეთრზე წერია რა მოთხოვნებს უყენებს ბრიუსელი პუტინის რეჟიმს. მაშინ, როცა უკრაინასა და და რუსეთს შორის ზავის დადებაზე სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, ბრიუსელი ამ დოკუმენტს წარადგენს. ევროპის მოთხოვნა მხოლოდ უკრაინიდან ჯარების გაყვანა არ იქნება, პარტნიორები პუტინის რეჟიმს მოუწოდებენ ჯარები საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებიდანაც გაიყვანოს.
სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ევროკავშირისთვის საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია. ეს კაია კალასის შემდეგ, რომელსაც ივანიშვილის გუნდი საქართველოს მტრად აცხადებს, ევროკომისიის პრესსპიკერმაც დაადასტურა. ირკვევა, რომ საქართველოდან ჯარების გაყვანას ევროკავშირის 27 ქვეყნის სრული მხარდაჭერა აქვს.