რა ნაბიჯებს ელოდება აშშ საქართველოსგან? - რუბიოს გზავნილი და ოპოზიციის შეფასებები
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას საქართველოში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვაშინგტონის გზავნილი მკაფიოა და „ქართული ოცნებისგან“ დემოკრატიული პროცესების აღდგენის, პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და დასავლელი პარტნიორების ნდობის აღდგენისკენ კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.
"ძლიერი საქართველოს" წევრს, თამაზ დათუნაშვილს მიაჩნია, რომ აშშ-ის გზავნილი პირველ რიგში ივანიშვილის გუნდის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.
სახელმწიფო მდივანმა რუბიომ დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი. "ქართულმა ოცნებამ" უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ სიტუაცია გამოასწორო, შეწყვიტოს მისი პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ხოლო პოლიტიკურმა ოპონენტებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი ამომრჩეველი, ხოლო ქართველი ხალხი იმ წარომადგენლობით და კონსტიტუციურ ორგანოებში, ვინც ამას განსაზღვრავს და როელიც უნდა ფუნქციონირებდეს იმისთვის, რომ სრულად დემოკრატიული პროცესი იყოს ფუნქციონირებული. მემგონი, ძალიან მარტივია. მთავარი გასაკეთებელი საქმე, რა თქმა უნდა, "ქრთული ოცნების" არის და ზოგადად, ქართული პოლიტიკური სპექტრის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი განახლდეს, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
გახარიას გუნდის წევრის, ანა ბუჩუკურის შეფასებით, ვაშინგტონის მოთხოვნები განსაკუთრებული ან რთული შესასრულებელი არ არის და დემოკრატიის საბაზისო პრინციპებს ეხება.
საუბარია ელემენტალურ მოთხოვნებზე, რომ ადამიანები არ დაჩაგრონ. რა შეიძლება იყოს ეს? ეს შეიძლება იყოს ის, რომ მინიმუმი დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის იყოს დაცული, როგორიც არის, მაგალითად, ადამიანი არ დაჩაგრო განსხვავებული აზრის გამო, მინიმუმ, ნორმალური საარჩევნო გარემო შექმენი, ეს რაღაცა დრაკონული, არაკონსტიტუციური კანონმდებლობა გააუქმე და ადამიანები ციხეში ნუ გყავს და ნუ დევნი სისხლის სამართლებრივად განსხვავებული პოლიტიკის გემოვნების და აქტივობების გამო, - ამბობს ანა ბუჩუკური.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის შეფასებით კი, რუბიოს განცხადება აჩვენებს, რომ აშშ საქართველოში მიმდინარე პროცესებს დეტალურად აკვირდება და "ოცნებისგან" კონკრეტულ ქმედებებს ელოდება.
გუშინდელი რუბიოს კომენტარი აჩვენებს, რომ ამერიკა ძალიან კარგად იაზრებს, თუ რა ხდება საქართველოში. მან, ფაქტობრივად, ღიად თქვა, რომ ამერიკას აწუხებს "ქართული ოცნების" კავშირები ირანთან, ჩინეთთან. მათ აწუხებთ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში შექმნა და რომელიც ასევე ემუქრება რეგიონის დესტაბილიზაციას. ამერიკისთვის მნიშნელივანია პპოლიტიკური სტაბილურობა, სანდოობა იმ ხელისუფლების, ვისთანაც თანამშრომლობენ და ამისთვის ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. რუბიოს გუშნდელი განცხადება და ამავდროულად, საელჩოს გამოქვეყნებული განცხადება ერთად ქმნის სურათს, რომ "ქართულ ოცნებას" უწევს, გადადგას ნაბიჯები, რომელიც დაადასტურებს სანდოობას, უწყვეტ პროგრესს, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესში განაცხადა, რომ ვაშინგტონი საქართველოსგან ქვეყნის პოლიტიკური კურსის შეცვლას და დემოკრატიული განვითარების მიმართულებით წინსვლას ელოდება. მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ საქართველოს ტრაექტორია შეიცვლება არსებული მდგომარეობიდან. ამავე მოსმენაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ირანს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში უწყობს ხელს.