"საქართველო არაა სკოლის მოსწავლე" - კობახიძის პასუხი რუბიოს
საქართველო არაა სკოლის მოსწავლე, საშემოდგომო გამოაყოლო და გამოსწორება მოსთხოვო - ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნს.
დღეს, 4 ივნისს, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა მარკო რუბიოს განცხადებს იმ ნაწილსაც სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკულ მხარეს ჰკითხა, თუ რა არის საჭირო უკეთესი ურთიერთობისთვის, რაზეც აშშ-სგან პასუხი მიიღეს.
კობახიძის მტკიცებით, "ოცნების" წარმომადგენლებს ამერიკული მხარისთვის მსგავსი შეკითხვა არასდროს დაუსვამთ.
„ჩვენ არასდროს, არასდროს ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. ჩვენ გვაქვს ის გზავნილი, რაც საჯაროდაც განვაცხადეთ“, - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუბიოს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, კობახიძემ ასე უპასუხა:
„არა, ტყუილი რა შუაშია კაცო, ადამიანი როცა საუბრობს, შეიძლება თავისი ინტერპრეტაციით, რაღაც თქვას. მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არც მე, არც რომელიმე ჩემს კოლეგას ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. შეიძლება ადამიანი რომ საუბრობს, რაღაც ან ისე თქვას, ან ისე თქვას, მაგრამ მე გეუბნებით, რა იყო ფაქტი. ფაქტი არის ის რომ ჩვენ ასეთი კითხვა არასოდეს დაგვისვამს. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან.
საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან", - თქვა კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განხადებით, იმედოვნებენ, რომ იხილავენ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება. მარკო რუბიოს განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკულ მხარეს ჰკითხა, თუ რა არის საჭირო უკეთესი ურთიერთობისთვის, რაზეც აშშ-სგან პასუხი მიიღეს. რუბიო იმედოვნებს, რომ საქართველოსგან ქცევის შეცვლასაც იხილავენ.