ხიდაშელი: რას შეჰპირდა “ოცნება“ ამერიკელებს, ამის შესახებ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს

04.06.26 18:14
ხიდაშელი: რას შეჰპირდა “ოცნება“ ამერიკელებს, ამის შესახებ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს

რუბიოს განცხადება აჩვენებს იმას, რომ მათ [ოცნებამ] დახურულ კარს მიღმა პირობა გასცეს, ახლა ჩვენ უნდა გავიგოთ, რა პირობა გასცეს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

ხიდაშელის თქმით, მმართველი გუნდის ქმედებებიდან არ ჩანს, რომ ისინი რამის შეცვლას აპირებენ, საქართველოს ამ კრიზისიდან გამოსაყვანად. შესაბამისად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რა დაპირება მისცეს ამერიკელებს

რუბიოს განცხადება აჩვენებს იმას, რომ მათ დახურულ კარს მიღმა პირობა გასცეს, ახლა ჩვენ უნდა გავიგოთ, რა პირობა გასცეს. ჩვენ კი ვხედავთ, რომ ისინი არავითარ გადაწყვეტილებების მიღებას, პოზიტიური კუთხით არ აპირებენ, საქართველოს ამ კრიზისიდან გამოსაყვანად, მაგრამ რას შეჰპირდნენ ამერიკელებს, ამის შესახებ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს. განსაკუთრებით მათმა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომლის თვალშიც, 2 წელია ამერიკელების დემონიზაცია მიმდინარეობს, ამასობაში კი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ მიიღეს პოზიტიური სიგნალები თბილისიდან, ტრაექტორიის ცვლილებაზე. რა არის ეს ცვლილება? ტრაექტორიის ცვლილება არის მხოლოდ, რომ გეუბნებიან  ხარ ავტორიტარული მმართველობა და ჩინეთის და ირანის გავლენის ქვეშ, ტრაექტორიის ცვლილება ის არის, რომ აღარ იქნები, ავტორიტარული მმართველობა და აღარ იქნები ჩინეთის, ირანის და რუსეთის გავლენის ქვეშ, - ამბობს ხიდაშელი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, იმედოვნებენ, რომ იხილავენ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება. მარკო რუბიოს განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკულ მხარეს ჰკითხა, თუ რა არის საჭირო უკეთესი ურთიერთობისთვის, რაზეც აშშ-სგან პასუხი მიიღეს. რუბიო იმედოვნებს, რომ საქართველოსგან ქცევის შეცვლასაც იხილავენ.