პაპუაშვილი: გაერო ვერ ასრულებს იმ როლს, რომელიც საერთაშორისო წესების უზრუნველსაყოფად უნდა შეასრულოს
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა დაბრუნების შესახებ გაეროს რეზოლუციაზე კენჭისყრის შედეგები საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებულ პრობლემებს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს. მისი შეფასებით, მიუხედავად საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობისა, გაერო დღეს სრულყოფილად ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რომელიც კონფლიქტების გადაწყვეტასა და საერთაშორისო ნორმების უზრუნველყოფას უნდა ემსახურებოდეს.
პაპუაშვილის მტკიცებით, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ არსებული მოლოდინები „დარტყმის ქვეშაა“, რადგან საერთაშორისო ინსტიტუტები ხშირად ვერ უზრუნველყოფენ საკუთარი პრინციპების ეფექტიან აღსრულებას.
შვეიცარიას რას ერჩით? რამე გაქვთ შვეიცარიასთან შესადავებელი? არც შვეიცარიამ დაუჭირა მხარი. ეს, რა თქმა უნდა, არის პროცესი, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან სკულპუოზურად მიუყვება წლიდან წლამდე. იყო წლები, როდესაც სომხეთი არ უჭერდა მხარს, დღეს მხარდამჭერია, ამიტომ ეს პროცესია. ქვეყნები გადაწყვეტილებებს იღებენ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის, საკუთარი შიდა პოლიტიკის გადმოსახედიდან და ესეც იყო, მაგალითად, ერთ-ერთი ფაქტორი.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ ყოვეწლიურად გაიზარდოს რაოდენობა ქვეყნებისა, რომლებიც არ წავლენ წინააღმდეგ, ეს არის მთავარი ამოცანა და ამავე დროს გაიზარდოს რაოდენობა მხარდამჭერი ქვეყნების. ასე რომ, ამ მხრივ, შედეგიანია. თავისთავად, ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, თუმცა მეორეს მხრივ, სამწუხაროდ, ის იმედები, რაც საერთაშორისო სამართლის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ ქართველებს ყოველთვის გვქონდა, დღესდღეისობით დარტყმის ქვეშ არის, რადგან სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გაერო ვერ ასრულებს იმ როლს, რომელიც უნდა შეასრულოს საერთაშორისო წესების უზრუნველსაყოფად კონფლიტების გადასაწყვეტად, - ამბობს პაპუაშვილი.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კვლავ დაადასტურა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა დაბრუნების უფლება.
„აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ - ასე ჰქვია რეზოლუციას, რომელიც გუშინ ღამით გენერალურმა ასაბლეამ 107 ხმით მხარი დაუჭირა.
რეზოლუციის წინააღმდეგ 8 ქვეყანა წავიდა - ესენი არიან: ბელარუსი, ბურუნდი, ჩრდილოეთ კორეა, კუბა, ნიკარაგუა, რუსეთი, სუდანი და ეკვატორული გვინეა.
იმ 55 ქვეყანას შორის კი, რომლებმაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, არიან ჩინეთი, ირანი, ისრაელი, შუა აზიის რესპუბლიკები. ევროპის ქვეყნებიდან - სერბეთი და შვეიცარია.