ოპოზიცია: ევროკავშირის მოთხოვნების შეუსრულებლობა უვიზო რეჟიმს საფრთხის ქვეშ აყენებს
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება საფრთხის ქვეშაა, რადგან, მათი შეფასებით, "ოცნების" ხელისუფლებას ევროკავშირის მიერ წარდგენილი მოთხოვნები ამ დრომდე არ შეუსრულებია. მათი თქმით, 11 ივნისს დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის დიალოგის წინ პოზიტიური მოლოდინების საფუძველი არ არსებობს, რაც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და უვიზო რეჟიმზეც შეიძლება აისახოს.
ჩვენთვის, "ლელოსთვის", ძალიან მნიშნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაკარგონ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის გამო. თუმცა აქვე უნდა განვმარტოთ, რომ ევროკავშირმა წარუდგინა კონკრეტული ჩამონათვალი პირობების, რომელიც უნდა შეასრულოს დღევანდელმა მმართველმა რეჟიმმა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ გაუუქმონ ევროკავშირშ უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა.
11 ივნისს უნდა წარადგინოს სწორედ ანგარიში ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა, რომელიც მოთხოვნები შესრულდა ამ ჩამონათვალიდან და სამწუხაროდ, მე არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი იმ თვალსაზრისიტ,რ ომ ამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, არცერთი მოთხოვნა, რაც ევროკავშირმა დააყენა, არ არის შესრულებული და შესაბამისად, პოზიტიური დინამიკის შექმნა ამ მიმართულებით იქნება რთული, - ამბობს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი, კი მიიჩნევს, რომ უვიზო მიმოსვლა, როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, დღეს საფრთხის წინაშეა და პასუხისმგებლობას ამ პროცესზე ივანიშვილის გუნდს აკისრებს. მისი შეფასებით, თუ არსებული ვითარება არ შეიცვლება, ქვეყანას ევროპულ მიმართულებაზე მძიმე შედეგები ელოდება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ ივანიშვილზე, რომელიც ყველ ფეხის ნაბიჯზე უფრო და უფრო დიდ პრობლემებს უქმნის ქართულ სახელმწიფოს. ჩვენთვის, მთელი ქვეყნისთვის იყო უდიდესი მონაპოვარი ჩვენი დასავლური ინტეგრაციის გზაზე უვიზო მიმოსვლა, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიპოვა, სწორედ იმ რეფორმებმა მოიტანა, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელდა, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ეს მთავარი მონაპოვარი არის საფრთხის ქვეშ, მითუმეტეს, იმის შემდგომ, რაც ივანიშვილის, ფაქტობრიბად, ერთადერთი დასაყრდენი ამ მიმართულებით, ბატონი ორბანი უკვე წარსულს ჩაბარდა და ამიტომაც ევროპის ერთიან პოზიციას აღარ ემუქრება საფრთხე, რაც არის მძიმე გამოწვევა და თუ არ მოხდა დროულად ამ სისტემის დემონტაჟი, როგორც უვიზო მიმოსვლის მიმართულებით, ისე ბევრი სხვა მიმართულებით გვექნება კატასტროფული შედეგები, - ამბობს ფავლენიშვილი.
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი მომავალ კვირას, 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს.
მისი ინფორმაციით, ევროკომისია დეკემბერში წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს ვიზების შესახებ, იანვარში კი წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.