საგარეო ადასტურებს, რომ 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირთან დიალოგი გაიმართება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირთან დიალოგი გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს.
ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს, ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით," - აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე, "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მომავალ კვირას, 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს.
მისი ინფორმაციით, ევროკომისია დეკემბერში წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს ვიზების შესახებ, იანვარში კი წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.