მინდა, ბიჭებს ვუთხრა, ვინც იქ არიან: გამოვედი ციხიდან მეორე ციხეში - ალექსანდრე გოგოლაძე
მინდა ბიჭებს ვუთხრა, რომლებიც იქ არიან, დიდი მადლობა - ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე გოგოლაძემ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
გოგოლაძე იმ 8 პირს შორისაა, ვისაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
თავისუფლება არის ყველაზე მაღალი ღირებულება, ყველაფრად ღირს. მინდა ბიჭებს ვუთხრა, რომლებიც იქ არიან, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. იცოდეთ, რომ მეც მანდ ვარ. გამოვედი ციხიდან მეორე ციხეში, მაგრამ გავუძლებ. მე თქვენ გვერდით ვარ, ბიჭებო, დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ბიჭებო, რომ თქვენ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ. მე უბრალოდ ცოტა მოხუცი ვარ და ვერ გავუძელი, იმიტომ წამოვედი. ბევრი რამ იდო საქმეში, მაგრამ რა იყო მართალი და რა ტყუილი, ეგ არის საკითხი. მე ცოტა ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს და ეს გამოსავალი იყო“, - განაცხადა ალექსანდრე გოგოლაძემ.
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 8 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს - პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დააკმაყოფილა.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ:
- გოჩა ყატაშვილი.
- სულხან აბრალავა.
- დათო ღურწკაია.
- გენადი კელიხაშვილი.
- რამაზ ჯორბენაძე.
- ჯანდრი თირქია.
- ევა შაშიაშვილი.
- ალექსანდრე გოგოლაძე.
ამ 8 პირიდან ერთი ევა შანშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ ისედაც თავისუფლებაში იმყოფება.
სამი წელი პირობითი მსჯავრი - ეს არის სასჯელი, რომელიც გათავისუფლებულებს დაეკისრებათ. ბრალდებულებმა საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების სანაცვლოდ მიიღეს. პროკურატურის პასუხს განსასჯელის სკამზე მყოფი პირები თვეები ელოდებოდნენ.