არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის - ეკა ჭიჭინაძე
"ოცნების" დეპუტატი ეკა ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძის მიერ ბიძინა ივანიშვილის როლზე გაკეთებულ განცხადებებს ეთანხმება. მისი თქმით, კობახიძის შეფასებები სრულად შეესაბამება რეალობას.
ვეთანხმები ყველაფერს, რაც ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილზე თქვა, იმიტომ, რომ არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის, - ამბობს ჭიჭინაძე.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს 7 წუთიანი ბრიფინგი მთლიანად ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა - "ქართული ოცნების" ლიდერმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის სახელი და გვარი 27-ჯერ ახსენა.
პარალელურად, ირაკლი კობახიძის შესაძლო გადადგომის შესახებ კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც "ქართული ოცნების" მოქმედმა თავმჯდომარემ სპეციალურად ჩანიშნულ ბრიფინგზე, თქვა რომ ის მმართველ პარტიაში მეორე პირია. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება, სადაც კობახიძის თქმით, "ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს".
საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში, ივანიშვილის ქებისთვის მიძღვნილი ბრიფინგი "კობახიძის გამოსამშვიდობებელ სიტყვად" შეაფასეს. გია ხუხაშვილი თვლის, რომ "კობახიძემ 7 წუთიან გამოსვლაში თავის გადასარჩენად ლოცვა აღავლინა".