ქართული კომპანიები სანქციების სიაში - დათუნაშვილი "ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობს

10.06.26 13:49
ქართული კომპანიები სანქციების სიაში - დათუნაშვილი "ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობს

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის თქმით, საქართველოში ვერავინ გაბედავდა "რუსული შავი ფულის სატრიალოდ" კრიპტოპლატფორმების გაკეთებას ისე, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ სახელმწიფოს არ სცოდნოდა.

დათუნაშვილი ამბობს, სავარაუდოდ, ამ კრიპტოპლატფორმებს, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეღ ახალ სასანქციო პაკეტში შეიყვანა, სახელმწიფო მფარველობდა.

"ქართული სახელმწიფო ეხმარება რუსებს და არა რომელიმე კრიპტოპლატფორმა" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. 

2022 წლიდან მალევე ქართული სახელმწიფო დეგრადირდა აი ამ დამხმარე რგოლად რუსეთისათვის. ის, რომ უკვე კონკრეტულად ტარგეტირდება, მაგალითად ამ შემთხვევაში კრიპტოპლატფორმები, რომლებზეც შავი ფულის მასიური ტრიალი  მიდის და საქართველოში ეს კრიპტოპლატფორმები არის პირდაპირ მიბმული რუსულ ბაზარზე და მათი უმრავლესობა რუსებისთვის არის გაკეთებული, ეს მიანიშნებს იმას, რომ ქართული სახელმწიფო ეხმარება ამ პროცესში რუსებს და არა რომელიმე კრიპტოპლატფორმა. ვერავინ ვერ გაბედავს სუს-ის და სპეცსამსასხურების აქტივობის პირობებში, როდესაც ვითომ ერთი-მეორეს მიყოლებით იჭერენ ჯაშუშებს, ვერავინ ვერ გაბედავს ამ ქვეყანში კრიპტოფლატფორმები გააკეთოს რუსული შავი ფულის აქეთ-იქით სატარებლად, თუ ამაში არ არის გარეული სახელმწიფო ან არ მფარველობს სახელმწიფო", - აცხადებს თაზო დათუნაშვილი. 

Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების 21-ე პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებსაც მოიცავს. ქართულ კომპანიებს ევროკავშირი რუსეთის დახმარებისთვის დაასანქცირებს.

სულ 11 კრიპტოპლატფორმაზეა საუბარი - ბელარუსიდან, საქართველოდან, ნიგერიიდან, პანამიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მარშალის კუნძულებიდან;

გამოცემა წერს, რომ დასახელებულ ობიექტებს ბრალად ედებათ დასანქცირებული ობიექტებისთვის მომსახურების გაწევა ან მათთვის ევროკავშირის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში დახმარება.