"ღმერთმა უწყის..." - ირაკლი კობახიძე შესაძლო გადადგომაზე
ირაკლი კობახიძე მის შესაძლო გადადგომაზე დასმულ კითხვას პასუხობს და თემით დაინტერესებულ ჟურნალისტებს "ყავაში ჩახედვას" ურჩევს.
"ღმერთმა უწყის. მე არ ვიცი... - ამბობს მთავრობის მეთაური "პირველების" კითხვის საპასუხოდ.
კობახიძის განმარტებით, ასეთ გადაწყვეტილებებს გუნდი ერთობლოვად იღებს.
მე არ მბეზრდება თქვენგან ეს კითხვები და ყოველ ჯერზე მზად ვარ, რომ მოვისმინო. ეს მომისმენია 4 წლის წინაც, 2 წლის წინაც, სხვადასხვა თანამდებობაზე. რა პასუხი უნდა გაგცეთ, არასერიოზულია ეს ყველაფერი.
ღმერთმა უწყის, მე არ ვიცი. თქვენ შეგიძლიათ იმარჩიელოთ - ყავაში ჩაიხედეთ - მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას. ნებისმიერ ასეთ საკითხს წყვეტს გუნდი. იყო შემთხვევა, როდესაც გახარიამ გადაწყვიტა, იმიტომ, რომ ამს უნდოდა ასე. დაავალეს და გადადგა, ასეთი შემთხვევებიც იყო, მაგრამ როგორც წესი ასეთი გადაწყვეტილებებს გუნდურად იღებს "ქართული ოცნება" - ამბობს კობახიძე.
ირაკლი კობახიძის შესაძლო გადადგომის შესახებ კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც "ქართული ოცნების" მოქმედმა თავმჯდომარემ სპეციალურად ჩანიშნულ ბრიფინგზე თქვა, რომ ის მმართველ პარტიაში მეორე პირია. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება, სადაც კობახიძის თქმით, "ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს".
- საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში, ივანიშვილის ქებისთვის მიძღვნილი ბრიფინგი "კობახიძის გამოსამშვიდობებელ სიტყვად" შეაფასეს. გია ხუხაშვილი თვლის, რომ "კობახიძემ 7 წუთიან გამოსვლაში თავის გადასარჩენად ლოცვა აღავლინა".
კობახიძე ირწმუნება, რომ აღნიშნული ბრიფინგი ეხებოდა იმას, თუ როგორ იმართება ქვეყანა.
ბრიფინგი ეხებოდა იმას, თუ როგორ იმართება ქვეყანა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მთავარი საკითხი იყო ბიძინა ივანიშვილის როლი, იმიტომ, რომ ეს საკითხი წამოწიეს წინ, მათ შორის დებატებზე და არა მარტო დებატებზე. იმაზე, თუ როგორ იმართება ქვეყანა, ამაზე საზოგადოებას სჭირდებოდა ინფორმაცია", - განაცხადა კობახიძემ.