პარანოია აქვს, ეშინია, არავის ენდობა - ივანიშვილის პირადი დაცვის შს მინისტრის მოადგილედ დანიშვნას ოპოზიცია აფასებს
ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომლის, გიორგი ბახუაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნის უკან ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის შიშს ხედავს .
"ქართული ოცნების" ოპონენტები ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი თავისი გუნდის წევრებს აღარ ენდობა.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი, ლევან სამუშია იხსენებს, რომ თავის დროზე ასე დაიწყო ვახტანგ გომელაურის, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და სხვების დაწინაურებაც.
გომელაური იყო უსაფრთხოების სამსახურის მცველი და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ახლა ვიცით სადაც არის, ასევე ლილუაშვილი გახლდათ "ქართუდან" როგორც ვიცით და იყო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელი და ახლა სადაც არის მოთავსებული კარგად ვიცით, ანუ ეს პრაქტიკა არის," - ამბობს ლევან სამუშია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ივანიშვილი საკუთარ ხელისუფლებასაც აღარ ენდობა და ისეთ მნიშვნელოვან ადგილას, როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა, საკუთარ კადრებს სვამს.
ვფიქრობ, რომ ივანიშვილი არ ენდობა არავის, უკვე თავის საკუთარ დეფაქტო სამინისტროებსაც და ხელისუფლებასაც აღარ ენდობა, ამიტომ ყველგან საკუთარი, პირადი დაცვის გაძლიერებით, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან, მისთვის, ადგილას, როგორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სვამს თავის კადრებს," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს "პარანოია აქვს, რომ ვიღაცამ შიგნიდან არ ამოაყირავოს, არავის არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი ძალაუფლება".
აქვს პარანოია, ეშინია, რომ ვიღაცამ შიგნიდან არ ამოაყირავოს, არავის არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი ძალაუფლება, ამიტომ მუდმივ... ხან ოხანაშვილი გაუშვეს, ხან მდინარაძე დანიშნეს Facebook-ის მაკონტროლებლად, იქიდან მოხსნეს, თან გენერალი გახადეს, საგიჟეთი აქვს მოწყობილი.
ზოგადად მისი ძალაუფლება ემყარება პირადად ერთგულ ადამიანებს, კომპეტენციით არ გამოირჩევა არავინ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც რომ არა ივანიშვილი არავინ არ იქნებოდა, ყველა, დაწყებული კობახიძით, დამთავრებული ნებისმიერით. მაქსიმუმი მათი იქნებოდა საშუალო დონის NGO-ს თანამშრომელი ყოფილიყო, რომელიღაც "დიფსთეითის" NGO-ში," - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
"თავისუფლების მოედნის" წევრის, კახა ჩიქოვანის თქმით, ივანიშვილს უნდა, რომ იმ მაღალ თანამდებობებზე, რომელიც აკონტროლებს სიტუაციას, დანიშნოს მისთვის განსაკუთრებულად ლოიალური პირები.
ყველაზე კარგად ალბათ "ქართულმა ოცნებამ" იცის, თუ რა განწყობები არის შინაგან საქმეთა სამინისტროში, მე ვგულისხმობ საშუალო და ქვედა რგოლს. დღეს, პოლიტიკურ ჟანდარმად არის ქცეული ყველა ძალოვანი სტრუქტურა, მათ ფორმა ჩაიცვეს და ჩადგნენ ამ სამსახურში იმიტომ, რომ ემსახურონ სახელმწიფოს, ებრძოლონ კრიმინალს და დაიცვან საქართველოს მოქალაქე და დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაში უწევთ მათ მსახური. ამიტომ მას [ივანიშვილს] უნდა, რომ იმ მაღალ თანამდებობებზე, რომელიც აკონტროლებს სიტუაციას, დანიშნოს მისთვის განსაკუთრებულად ლოიალური პირები," - ამბობს კახა ჩიქოვანი.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით კი "ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები არის ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალი არის სხვა ყველა დანარჩენი".
დღესდღეობით ჩვენ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები არის ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალი არის სხვა ყველა დანარჩენი, ამას საუბრობს ასევე კობახიძეც, თავის ყველა საჯარო კომუნიკაციაში," - თქვა ტატა ხვედელიანმა.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი, გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ დაინიშნა.