"ოცნება" ევაჭრება დასავლეთს, ეს სხდომა ევროკავშირისთვის და აშშ-სთვის ჩატარებული სხდომაა" - ნიკა გვარამია

11.06.26 13:26
"ოცნება" ევაჭრება დასავლეთს, ეს სხდომა ევროკავშირისთვის და აშშ-სთვის ჩატარებული სხდომაა" - ნიკა გვარამია

 

 

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, "ქართული ოცნება" "პოლიტიკურ პატიმრებს აგროვებს" და ამით დასავლეთს ევაჭრება. 

მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ლიდერების პროცესის გადმოწევა და დღეს დანიშვნა, ევროკავშირისთვის და შეერთებული შტატებისთვის ჩატარებული სხდომაა. 

ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ვაჭრობის მიზანი ლეგიტიმაციის მოპოვებაა. 

ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს პოლიტიკურ პატიმრებს, ანუ მძევლებს რეალურად და ევაჭრება დასავლეთს. ეს სხდომა შემთხვევით არ არის, ეს ევროკავშირისთვის და აშშ-სთვის ჩატარებული სხდომაა. იქნება კიდევ შიდა ვაჭრობებიც და მე არაერთხელ მითქვამს ეს შიდა ვაჭრობები რას ეხება, ეს ეხება "ქართული ოცნების" სურვილს, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვოს არა ახალი არჩევნებით იმიტომ, რომ უკვე ამისიც ეშინია, თავისი პირობებით ჩატარებული არჩევნებისაც კი, არამედ ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნებით, ამაზე იქნება ვაჭრობა, არის და კიდევ გააგრძელებს "ქართული ოცნება" - განაცხადა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე.  

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ლიდერების პროცესი მიმდინარეობს. სხდომა თვის ბოლოს, 24 ივნისს იყო ჩანიშნული, თუმცა თარიღი გაურკვეველი მიზეზებით შეიცვალა. 

მსგავსი სიახლეები