„ქოცურ ფასად აშშ-თან ურთიერთობის ნორმალიზება არ გამოვა“ - ოპოზიცია
Freedom House-ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ნორმალიზება ვერ მოხდება, ოპოზიციაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილად აფასებენ. მათი თქმით, დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ მკაფიო პირობებს უყენებს და ივანიშვილის ხელისუფლება ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესებას პოლიტიკური დათმობების გარეშე ვეღარ შეძლებს.
"ფრიდომ ჰაუსის" არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რეპუტაციული და მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც დემოკრატიის და თავისუფლების საკითხებზეა კონცენტრირებული, შესაბამისად, მის აზრს გააჩნია ძალიან დიდი მნიშვნელობა საერთაშორისო პოლიტიკური და დიპლომატიური აზრის, განწყობის თვალსაზრისით და რაც ვკითხულობთ ამ "ფრიდომ ჰაუსის" ძალიან მნიშნელოვან წერილში? ვკითხულობთ იმას, რომ პირველი - ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ხელწერა არის განუყოფლად ის, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ ყველგან, სადაც ტრამპი გარკვეული ტიპის ნორმალიზებას ცდილობს. მეორე - "ფრიფომ ჰაუსის" აზრითვე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავითარი ნორმალიზება და არავითარი ჰარმონიზება არ მოხდეს ისე, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმმა კონკრეტული პირობები არ შეასრულოს. ქოცებს უნდათ, რომ ქოცურ ფასად მიიღონ ნორმალიზება და ჩვენ მათ ვეუბნებით ძალიან დიდი ხანია, რომ ასეთი ნორმალიზება არ მოხდება, - ამბობს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია.
ენმს წევრის, ანი წითლიძის თქმით, პოლიტიკური პატიმრების საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში კვლავ მთავარ თემად რჩება.
ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე, სადაც ჩვენ ვყოფილვართ წარმოდგენილი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, პოლიტიკური პატიმრების საკითხი ყოველთვის იყო ნომერ პირველი. ბიძინა ივანივილს რა ახასიათებს? რომ შვხედავთ ახლა, საბოტაჟის საქმე დაჩქარებული წესით რომ დაიწყეს გნვილვა, ახასიათებს ისიც, რომ ამ პოლიიკური პატიმრების თემით შემდეგ რაღაც გამოივაჭროს მათ შორის საერთაშორისო პარტნინორებთან, - ამბობს ანი წითლიძე.
პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ "ოცნების" ხელისუფლება დასავლეთის რეკომენდაციებს რეალური ნაბიჯებით არ პასუხობს.
ყველანაირი სიტყვიერი შეთანხმებები, სიტყვიერი გაფრთხილება აბსოლუტურად ძალას ჰკარგავს თუ კონკრეტული ნაბიჯები არ იქნა გადადგმული. როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" აგრძელებს ამ ესკალაციის სტრატეგიის გამოყენებას, რომ ყველა შესაძლო შენიშვნაზე, რეკომენდაციაზე ან მოთხოვნაზე, რომელიც დასავლეთიდან მოდის დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრებისთვის, ის დგამს კიდევ უარეს ნაბიჯს და არათუ უშვებს პოლიტპატიმრებს, არამედ ახალზე ფიქრობს, რომ გააფართოვოს, პოლიტიკური ლიდერებ დაამატოს ამას, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.
ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრების საკითხი მოლაპარაკებების ინსტრუმენტად გამოიყენოს.
"ოცნებისთვის" ბინძური პოლიტიკური ვაჭრობა გახდა ერთგვარ ხელწერად ბოლო წლების განმავლობაში, ამიტომაც არავის უნდა გაგვიკვირდეს თუ ასე მოიქცევა ივანიშვილის რეჟიმი და უარესსაც გააკეთებს. ჩვენ ვხვდებით, რომ ახლა საკუთარი ტყავის გადასარჩენად ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, - ამბობს პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ნორმალიზება ვერ მოხდება მანამ, სანამ "ოცნების" ხელისუფლება ფუნდამენტური თავისუფლებების გამოყენებისთვის დაკავებულ პირებს არ გაათავისუფლებს. ორგანიზაციის შეფასებით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იქნება პირველი ტესტი იმისა, რამდენად მზად არის „ქართული ოცნება“ ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.