განაჩენის მოლოდინში - რა ბედი ეწევათ სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულებს?

12.06.26 20:41
განაჩენის მოლოდინში - რა ბედი ეწევათ სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულებს?

 

 

აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი ზუსტად ერთ კვირაში შეიტყობს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ე.წ. ათონელის სასახლის ღობის საქმეზე. 72 წლის ექიმს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავება.

თავად ჩახუნაშვილი ამბობს, რომ 4 ოქტომბერს, აქციის მიმდინარეობისას, ათონელის სასახლესთან პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ვერ დაუშვებდა, მისი მეგობარი, პაატა ბურჭულაძე, მარტო დაეტოვებინა.

72 წლის ექიმი და აკადემიკოსი 19 ივნისს სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს. ის კიდევ ერთხელ შეეცდება მოსამართლე გიორგი გელაშვილი დაარწმუნოს, რომ უდანაშაულოა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება, რომელიც პროკურატურამ წარუდგინა, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ჩახუნაშვილმა უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზე და, მისი თქმით, არ აღიარებს დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია.

გიორგი ჩახუნაშვილთან ერთად განაჩენს ელოდება 64 წლის კონსტანტინე კოკაიაც. ისიც უარს ამბობს საპროცესო შეთანხმებაზე. დაცვის მხარის თქმით, გამოძიებას მის წინააღმდეგ ძირითად მტკიცებულებად მხოლოდ ვიდეომასალა აქვს.

ბრალდებული ამტკიცებს, რომ დროშაშემოხვეული ათონელის სასახლის ტერიტორიაზე შესულ ადამიანებს შენობის დატოვებისკენ მოუწოდებდა. მისი თქმით, იმავე დღეს მიხვდა, რომ აქციის მონაწილეები წინასწარ დაგებულ მახეში აღმოჩნდნენ.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები