ძალადობა პოლიციის განყოფილებაში - "ძლიერი საქართველო" ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას მოითხოვს

13.06.26 12:04
ძალადობა პოლიციის განყოფილებაში - "ძლიერი საქართველო" ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას მოითხოვს

 

 

ძალადობა პოლიციის პოლიციის განყოფილებაში - "ნოდარ მელაძის შაბათში" გასული ანონსის შემდეგ, "ლელო - ძლიერი საქართველო" ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას მოითხოვს. 

ირაკლი კუპრაძე სისტემურ დანაშაულზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები ხდება თბილისში, ქობულეთში, ქუთაისში, გორში, სამტრედიაში .

მივმართავთ საზოგადოებას, რომ დღეს თქვენი შვილები უნდა დაიცვათ თქვენ სამოქალაქო პროტესტით. დღეს, 7 საათზე ყველანი უნდა შეუერთდეთ მსვლელობას, რომელიც აპროტესტებს იმ ძალადობას, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების და სისტემის პირობებში არსებობს ჩვენ გარშემო - განაცხადა კუპრაძემ. 

"ძლიერი საქართველო - ლელო" კატეგორიულად მოითხოვს ყველა იმ პასუხისმგებელი პირის უმკაცრესად დასჯას, რომელიც მონაწილეობდა გუშინ, მედიით, "ტვ პირველის" მიერ გამოქვეყნებულ კადრებში, სადაც, ფაქტობრივად, ჩანს, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომლები სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, რეალურად აწამებენ საქართველოს მოქალაქეებს, ახალგაზრდა პირებს. 

მივმართავ მოქალაქეებს, რომლებსაც ხშირად აქვთ უნდობლობა იმ
მოცემულობის მიმართ, რომელსაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე - კი, საქართველოში ძალოვანი უწყებები ივანიშვილის პირობებში იქცა რეპრესიის, ძალადობის, დევნის და უკანონობის სისტემურ სივრცედ! 

უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შვილებს, თქვენს შვილებს აჩერებენ ქუჩაში, სცემენ, აწამებენ და უსწორდებიან მიყრუებულ სამშენებლო ადგილებზე, როგორც ეს ვნახეთ გორში, ჩაკეტილ საპოლიციო უწყებებში, პოლიციის შენობებში, მაგრამ ეს ყველაფერი ცხადი და საჯარო ხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე ახერხებს ამ ყველაფრის გადაღებას და გასაჯაროებას.

არსებობს სავარაუდოდ ათასობით სხვა შემთხვევა, რომლის დროსაც ვერ შეძლეს საქართველოს მოქალაქეებმა მტკიცებულების მოპოვება. ცხადია, რომ საქართველოში რეპრესიული სისტემა ივანიშვილის პირობებში ყოველდღიურად ხდება უფრო და უფრო ძალადობრივი. უნდა დაისაჯოს ყველა პირი, მათ შორის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც არიან თანამონაწილეები ამ დანაშაულის, რადგან ერთი, მათ საპოლიციო სისტემაში შექმნეს დაუსჯელობის განცდა და მეორე, შეუძლებელია ვინმემ დაარწმუნოს საქართველოს მოქალაქე ან ჩვენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება არის ერთჯერადი,. ეს ხდება ყველგან, ყოველდღიურად და უამრავ ისტორიას, რომელიც ვრცელდება საჯაროდ, სოციალურ ქსელში თუ ტელევიზიით, სამწუხაროდ, არ ახლავს მსგავსი მტკიცებულებები და საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს. სინამდვილეში, ეს არის სისტემური  დანაშაული, რომელიც შექმნა ივანიშვილმა, მისმა დაუსჯელობამ თბილისში, ქობულეთში, ქუთაისში, გორში, სამტრედიაში, რასაც მოჰყვა თვითმკვლელობის კასკადები. არ  უნდა დაგვავიწყდეს დემურ სტურუა, თემურ აბზიანიძე, სხვები და სხვები, ვინც შეეწირნენ ამ ძალადობრივ სისტემას.

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე და დაისაჯოს! მივმართავთ საზოგადოებას, რომ დღეს თქვენი შვილები უნდა დაიცვათ თქვენ სამოქალაქო პროტესტით. დღეს, 7 საათზე  ყველანი უნდა შეუერთდეთ მსვლელობას, რომელიც აპროტესტებს იმ ძალადობას, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების და სისტემის პირობებში არსებობს ჩვენ გარშემო.

2022 წელს მოხდა ეს ფაქტი, 4 წლის განმავლობაში სისტემაში იყვნენ ჩარჩენილები ის პოლიციელები, სარგებლობდნენ სახელმწიფოს მანდატით და სავარაუდოდ კიდევ მრავალგზის იძალადეს საქართველოს მოქალაქეებზე. ის, რომ თებერვალში პოლიციელები დააკავეს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ უკვე ჰქონდათ ინფორმაცია ამ საჯარო ფაქტების და ვიდეომტკიცებულებების გაჟონვის შესახებ. რაღაც დროს ეს აუცილებლად გახდებოდა საჯარო. გაუგებარია და ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია რატომ არის დაკავებული ის პირი, რომელმაც გატეხა ე.წ ჩათი და გაასაჯაროვა ეს მტკიცებულებები. მხილება მოძალადე პოლიციელების არის გმირობა მაშინ, როცა ამით იცავ უდანაშაულო, უმწეო მოქალაქეს, რომელსაც ურტყამენ და აწამებენ პოლიციის დეპარტამენტებში თუ სხვადასხვა შენობებში. 

ცხადი, რა მდგომარეობაც არის  ივანიშვილის პირობებში - ეს არის ძალადობრივი სისტემა და მეორე მხარეს დაუსჯელობა, რომელიც ივანიშვილმა აქცია თავის მაჩვენებლად, რომელსაც არანაირი გამართლება არ გააჩნია! 

ჩვენ გვაქვს ერთადერთი არჩევანი, ეს ძალადობრივი სისტემა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, არ დავბრუნდეთ წარსულში, მაგრამ ეს აწმყოც, რომელიც იმეორებს იმ წარსულის რეპრესიებს, ძალადობას, ადამიანების წამებას უნდა დასრულდეს და ამ ქვეყნის მომავალი უნდა იყოს ისეთი, სადაც ჩვენი შვილები იქნებიან დაცულები!", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

"ნოდარ მელაძის შაბათმა" პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა - (ეს მხოლოდ ანონისია, ვრცლად ყველაფერს დღეს 20:00 საათზე ტვ პირველზე იხილავთ)

გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის ეთერის" ანონსის შემდეგ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა.  უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. 

შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები