ვისაც გაქვთ სისტემური ძალადობის ამსახველი მასალა, გაასაჯაროეთ - "ოპოზიციის ალიანსი"
სისტემა ჟონავს - ასე ეხმაურება "ოპოზიციის ალიანსი" "ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე ძალადობაა ასახული.
საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, გიგა ლემონჯავამ განაცხადა, რომ ეს არის საქართველოში უკვე დამკვიდრებული სისტემური წამების პრაქტიკა.
ამ წამების ფაქტის დროს, აჭარის პოლიციის უფროსი იყო გრიგოლ ბესელია, რომლის ჩვენების საფუძველზე ციხეში ზის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ვინმეს სჯერა, რომ მან არ იცოდა რა ხდებოდა ქობულეთის პოლციიის განყოფილებაში? რა თქმა უნდა არა - თქვა ბრიფინგზე გიგა ლემონჯავამ.
"ოპოზიციის ალიანსის" ინფორმაციით, არსებობენ პირები, რომლებიც მსგავს ძალადობრივ კადრებს ფლობენ, ამიტომაც ახლა მათ მასალების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.
ვნახეთ სისტემური წამების ამსახველი კადრები, რომელიც თავად პოლიციელებმა გადაიღეს ქობულეთის პოლიციაში, ამიტომ ყველას, ვისაც არ გინდათ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება მოგიწოდებთ, რომ დღეს საღამოს 19:00 საათზე შევიკრიბოთ ფილარმონიასთან, საიდანაც გაიმართება მსვლელობა.
სისტემა ჟონავს და რამდენიც არ უნდა ეცადოს შსს დაგვაჯეროს, რომ ვითომ ეს არის ერთჯერადი, ეპიზოდური ძალადობის ფაქტები, ყველამ კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში ეს არის სისტემური წამების პრაქტიკა, რომელიც არის დამკვიდრებული საქართველოს პოლიციაში, მის განყოფილებებში.
რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვნახეთ გორში შემთხვევით გადაღებული წამების, ღირსების შელახვის ამსახველი კადრები. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ შსს-ს თანამშრომლები თავად იღებენ წამების ამსახველ ვიდეო-მასალას და შემდეგ აზიარებენ სხვადასხვა ჩათებში.
აქვე მინდა მოგმართოთ ყველას, ვისაც გაქვთ მსგავსი მასალა, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ვიცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სისტემური ძალადობის ამსახველი მასალა, გაასაჯაროეთ ეს მასალა. ამით ერთი მხრივ შეამსუბუქებთ თქვენს პასუხისმგებლობას და მეორე მხრივ, დაიცავთ სვხებს სისტემური წამებისგან.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზუსტად ამ წამების ფაქტის დროს, რაც ჩვენ ვიხილეთ, აჭარის პოლიციის უფროსი იყო გრიგოლ ბესელია, რომლის ჩვენების საფუძველზე ციხეში ზის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ვინმეს სჯერა, რომ აჭარის პოლციიის უფროსმა არ იცოდა რა ხდებოდა ქობულეთის პოლციიის განყოფილებაში? რა თქმა უნდა არა. ამიტომ, ეს მოძალადე მწამებელი სისტემა უნდა დასრულდეს, დამხობა რეჟიმის, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
"ნოდარ მელაძის შაბათმა" პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა - (ეს მხოლოდ ანონისია, ვრცლად ყველაფერს დღეს 20:00 საათზე ტვ პირველზე იხილავთ)
გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის ეთერის" ანონსის შემდეგ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა. უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.
შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.