ექსკლუზივი: პატიმრობიდან გაათავისუფლეს პოლიციელი, რომელიც სკოლის მოსწავლეს თითების დამტვრევით და მამის გაუპატიურებით ემუქრებოდა

13.06.26 20:03
ექსკლუზივი: პატიმრობიდან გაათავისუფლეს პოლიციელი, რომელიც სკოლის მოსწავლეს თითების დამტვრევით და მამის გაუპატიურებით ემუქრებოდა

16 წლის არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის საქმეზე დაკავებული პოლიციელი, ლუკა ხურცილავა ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - ფაქტი "შაბათის ეთერს" მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული ყოფილი სამართალდამცავის მამამ დაუდასტურა. 

ხურცილავა TV პირველის ჟურნალისტებმა, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მაშინ გადაიღეს, როცა ეს უკანასკნელი მეზობლებთან ერთად იმყოფებოდა. 

საუბარია 2026 წლის თებერვალში მომხდარ ფაქტზე, როცა არასრულწლოვანი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა „გადამოწმების მიზნით“ გააჩერეს. მაშინ სკოლის მოსწავლის ოჯახი ამბობდა, რომ 16 წლის ბიჭს აიძულებდნენ ეღიარებინა, თითქოს ნარკოტიკების განთავსებაში იყო ჩართული, მას შემდეგ კი რაც მოზარდმა ცრუ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, მას თითების დამტვრევითა და პატიმარი მამის გაუპატიურებით აშინებდნენ. პოლიციელების მამხილებელი ჩანაწერი, არასრულწლოვანმა ფარულად გადაიღო. 

საზოგადოების დიდი პროტესტის შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ პოლიციელი ლუკა ხურცილავა 2026 წლის 13 თებერვალს დააკავა.

საქართველოს პროკურატურაში "შაბათის ეთერს" უთხრეს, რომ პოლიციელის ოჯახმა, უწყებაში ნოტარიულად დამოწმებული  დოკუმენტი წარადგინა, რომ ოჯახს ლუკა ხურცილავასთან პრეტენზია არ აქვს.

მასალა უახლოეს პერიოდში განახლდება