ოპოზიცია შვიდკოის ვიზიტს კრემლის „რბილი ძალის“ პოლიტიკას უკავშირებს

16.06.26 16:01
ოპოზიცია შვიდკოის ვიზიტს კრემლის „რბილი ძალის“ პოლიტიკას უკავშირებს

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, მიხაილ შვიდკოის საქართველოში ვიზიტს ოპოზიციაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კულტურული ურთიერთობების ფორმატში რუსეთის ე.წ. „რბილი ძალის“ გააქტიურება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის დამატებით რისკებს ქმნის. მათი თქმით, მსგავსი პროცესები ხშირად პროპაგანდის, გავლენების გაფართოებისა და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების ინსტრუმენტად გამოიყენება. 

რუსეთის გავლენის ინსტრუმენტებსა და ეროვნული უსაფრთხოების რისკებზე საუბრობს "ძლიერი საქართველოს" წევრი ლანა გალდავა. 

რუსეთის მიერ რბილი ძალის გამოყენება არის საქართველოს საფრთხეებში შეფასებული როგორც ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევა. რა თქმა უნდა, რბილი ძალა გამოიყენება რუსეთის მიერ არასამხედრო ოპერაციების საპირწონედ, რაც არის კიბერშეტევები, რაც არის დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ქვეყანაში იდეების გაღვივება, რომელიც კულტურული ურთიერთობების საფარქვეშ მიმდინარებს, რეალურად კი, ამას ახლავს ძალიან დიდი საფრთხე და გაწერილია რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის გერასიმოვის დოქტრინაში და ეს არის ძალიან სერიოზულად აღსაქმელი სახელმწიფოს ხელისუფლების მხრიდან, - ამბობს გალდავა. 

"თავისუფლების მოედნის" წევრი, გიორგი შაიშმელაშვილი კი მიიჩნევს, რომ კულტურული თანამშრომლობის შეთავაზების მიღმა მოსკოვის პოლიტიკური ინტერესები დგას და "ოცნების" ხელისუფლებამ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ურთიერთობების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. 

ეს არის შეთავაზება რუსეთის, რომ ნუ ვილაპარაკებთ ოღონდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ნუ ვილაპარაკებთ  2008 წლის აგვისტოს ომზე, ნუ ვილაპარალებთ დევნილებზე, მაგრამ მოდით, სამაგიეროდ, ვილაპარაკოთ კულტურულ დარგებზე, საგანმანათლებლო პოლიტიკებზე. უნდა  გვესმოდეს, რომ ამ ყველაფერს აქვს თავისი ფასი. რუსები ამას აკეთებენ საკუთარი რბილი ძალის გასავრცეებლად, საკუთარი გავლენების გასავრცელებლად, საკუთარი სპეცსამსახურების, აგენტურული ქსელის შესაქმნელად. ვალდებულიეა ხელისუფლება, რომელსაც აქვს ორი ეროვნული მნიშნელობის საკითხი - დევნილები და ტერიტორიული მთლიანობა, მოუგვარებელი რუსეთთან, რომ მისი ყველა ურთიერთობა ოკუპანტ სახელმწიფოსთან ძალიან მკაცრ ცენზს გადიოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ხელისუფლება, გასაგებია, რომ ამას არ გააკეთებს, - ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.

მიხეილ შვიდკოი ორი დღე საქართველოში იმყოფებოდა. რუსეთის სახელწმიფო მედია წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, რომელიც მოსკოვის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიცაა, 14-15 ივნისს თბილისში იმყოფებოდა და კინოსპექტაკლების ჩვენებებს დაესწრო. ღონისძიებებს სითი მოლმა და კინოეთატრმა კავეამ უმასპინძლა.

"კულტურამ რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობა უნდა აღადგინოს" - თქვა პუტინის მრჩეველმა.