“ოცნებაში“ ხოშტარიას მძიმე მდგომარეობის არ სჯერათ - “მათ რომ ვუსმენდეთ, სააკაშვილი 8-ჯერ უნდა იყოს დაკრძალული უკვე“
“ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ელენე ხოშტარია სასჯელს არანაირი პირადი შურისძიების საფუძველზე არ იხდის და იმ შემთხვევაში, თუ მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა დადასტურდება, შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება.
ირაკლი ჭეიშვილის თქმით, ხოშტარია ის ფიგურა არაა, ვინმეს პირადი შურისძიების მსხვერპლი იყოს. მისივე მტკიცებით, “ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს მსგავსი შეხედულებები არავისზე არ აქვს.“
არანაირი პირადი შურისძიება არ არის. ელენე ხოშტარიას მდგომარეობა თუ არის მძიმე და ეს დადასტურდება, აუცილებლად იქნება რეაგირება ამაზე. ელენე ხოშტარია არ არის ის ფიგურა, რომ ვინმეს პირადი შურისძიების მსხვერპლი იყოს, მერე მეორე, ასეთი რამე საქართველოში არ ხდება და მით უფრო, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს მსგავსი შეხედულებები არავისზე არ აქვს. მას ჰქონდა დანაშაული და იმიტომ ზის ციხეში, კი ბატონო, დაარღვია კანონი და შესაბამისად, მიეცა პასუხისგებაში, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ტყუილს უწოდებს ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაკეტებულ განცხადებებს ირაკლი კირცხალია. როგორც ის ამბობს, ეს განცხადებები მართალი რომ იყოს “სააკაშვილი 8 ჯერ უნდა იყოს დაკრძალული უკვე“.
საზოგადოება არ იღებს ასეთ ტყუილებს, თან ვისგან, სააკაშვილი 8 ჯერ დაკრძალული უნდა გვყავდეს მათ რომ ვუსმენდეთ, ღმერთმა დიდხანს ამყოფოს ჯანმრთელად და ბედნიერად. დღეს კი ვხედავთ მის გამოსვლებს და პოლიტიკურ განცხადებებს. დამერწმუნეთ, მაქსიმალურად იქნება მიქცეული ყურადღება არა მხოლოდ ქალბატონ ელენეზე, არამედ ყველა იმ პატიმრის მიმართ, ვინც დღეს ჩვენ პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. ასე, რომ არ აყვეთ ამ აბსურდს, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.