ანა წითლიძე სააკაშვილს პასუხობს: საჭიროა არა სახელებისა და გვარების, არამედ თამაშის წესების შეცვლა

19.06.26 16:05
ანა წითლიძე სააკაშვილს პასუხობს: საჭიროა არა სახელებისა და გვარების, არამედ თამაშის წესების შეცვლა

ენმ-ის წევრი, ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს და წერს, რომ დიდი პატივისცემის მიუხედავად მას არ ეთანხმება.

საჭიროა არა სახელებისა და გვარების, არამედ თამაშის წესების შეცვლა და კულუარული გადაწყვეტილებების დასრულება, - წერს წითლიძე.

მისი თქმით, “არასწორი გადაწყვეტილებების კასკადი მანამ გაგრძელდება, სანამ ამ პარტიაში ნამდვილი შიდა დემოკრატია არ დამყარდება“.

არა, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ დაგეთანხმებით ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეში. ეს არ ეხება ნანუკას მოსვლას ან თინას "წასვლას".

ეს „ენმ-ს" ზოგადი სიმპტომია: სანამ გადაწყვეტილებები სამ კაცში (ფიგურალურად) მიიღება, უმრავლესობა კი ამას „ფეისბუქით“ იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო.

წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაშიც მონაწილეობა არ მიმიღია და რისი წინააღმდეგიც ვიყავი, ან რაზეც არაფერი უკითხავთ და გადაწყვეტილება ისე მიიღეს. არასწორი გადაწყვეტილებების კასკადი მანამ გაგრძელდება, სანამ ამ პარტიაში ნამდვილი შიდა დემოკრატია არ დამყარდება — სადაც გადაწყვეტილებები ქვევიდან ზემოთ მიიღება.

ამის შანსი „ენმ-ს“ ახლა აქვს და იმედია, გამოიყენებს. საჭიროა არა სახელებისა და გვარების, არამედ თამაშის წესების შეცვლა, გამჭვირვალობა, ამომრჩევლისა და პარტიის წევრების რეალური მონაწილეობა პარტიის საქმიანობაში და კულუარული გადაწყვეტილებების დასრულება. თუ ამას გავაკეთებთ, წინ წავალთ, თუ არა — ისევ იმავე წრეზე ვივლით, - წერს წითლიძე.

 

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, "ვიღაცას ზედემტად ენდო".

მისივე თქმით, ენმ-მ თავისი რეგიონალური ბირთვის 70% დაკარგა "ნაწილობრივ ღალატის, რეჟიმის ჩარევის და ასევე შეცდომების გამო (მათ შორის ჩემი შეცდომების) ვიღაცას ზედმეტად ვენდე".

სააკაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში უმძიმესი კრიზისია - "ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება". 

სწორედ ამიტომ, სააკაშვილის თქმით, მან ჩათვალა, რომ ენმ-ს ახლა ნანუკა ჟორჟოლიანის ენერგია, გამოცდილება, ხალხთან კომუნიკაციის ნიჭი, ხალხის უკან მობრუნების უნარი ყველაზე მეტად სჭირდება. 

მსგავსი სიახლეები