აცხადებენ, რომ მხოლოდ "აგენტურას" უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი... ეს დისკრიმინაციაა - კობახიძე EU-ს რეზოლუციაზე
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს გავლენა და მნიშვნელობა დაკარგული აქვს. ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას "ოცნების" ლიდერმა განაცხადა, რომ მსგავსი დოკუმენტები ქართველი საზოგადოების ინტერესს აღარ იწვევს და მათში გაჟღერებული მოთხოვნების ნაწილს დისკრიმინაციულად აფასებს.
კობახიძის თქმით, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით უსამართლო ჩანაწერებია.
არ შეიძლება მხოლოდ აგენტურას დაუტოვონ უვიზო რეჟიმი, - თქვა მედიასტან კობახიძემ.
„ზოგადად ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს. უკვე აღარ მახსოვს, მერამდენე რეზოლუცია დამტკიცდა. ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს ეს რეზოლუციები. საინტერესო დეტალია, პირდაპირ დისკრიმინაციული მოთხოვნა ჩანს ამ რეზოლუციაში, აცხადებენ, რომ მხოლოდ აგენტურას უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ჯანსაღი მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ. საზოგადოება იმსახურებს სამართლიან დამოკიდებულებას ევრობიუროკრატიისგან, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ განსხვავებული მიდგომებია ჩამოყალიბებული. არ შეიძლება მხოლოდ აგენტურას დაუტოვონ უვიზო რეჟიმი“,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს მხარი დაუჭირა. დოკუმენტში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს ივანიშვილის აქტივები და ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან.