7 წელი 20 ივნისის მოვლენებიდან - ოპოზიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, საპროტესტო მარშს შეუერთდნენ

20.06.26 15:24
7 წელი 20 ივნისის მოვლენებიდან - ოპოზიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, საპროტესტო მარშს შეუერთდნენ

 

 

„გავრილოვის ღამიდან“ შვიდი წლის თავზე, 20 ივნისის მოვლენების მონაწილეები და პოლიტიკური ლიდერები მოქალაქეებს დღევანდელ საპროტესტო მარშში ჩართვისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ გარდამტეხ მოვლენად დარჩა და დღევანდელი შეკრება ამ თარიღის გახსენებასა და პროტესტის გაგრძელებას ემსახურება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა 20 ივნისს რუსიფიკაციის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბურ სამოქალაქო პროტესტად აფასებს და ამბობს, რომ დღევანდელი მარში განსაკუთრებულად ხალხმრავალი უნდა იყოს. 

"გავრილოვის ღამე", რომლის ერთ-ერთი გმირი ამდვილად არის ელენე, იყო პირველი ყველაზე თვალხილული სამოქალაქო წინააღმდეგობა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ივანიშვილის მცდელობის მიმართ, რომ გაარუსოს საქართველო. რუსიფიკაციის წინააღმდეგ ყველაზე დიდი, სამოქალაქო განაცხადი იყო სწორედ 2019 წლის 20 ივნისი. ამიტომ განსაკუთრებით მნიშნელოვანია, რომ ის ყოველკვირეული შაბათის მარში, რომელიც ყოველთვის ტარდება, 20 ივნისს კიდევ უფრო ხალხმრავალი, კიდევ უფრო გამბედავი, კიდევ უფრო მეტი წინააღმდეგობის შემცველი იყოს, - ამბობს თინა ბოკუჩავა.

20 ივნისის მნიშვნელობაზე საუბრობს "ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძეც. მისი თქმით, სწორედ ამ მოვლენებმა დაანახა საზოგადოების დიდ ნაწილს, თუ როგორი იყო „ქართული ოცნების“ მმართველობის ბუნება. 

20 ივნისი არის ქართულ თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი, შემოტრიალების მომენტი, როდესაც საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა შეიძლება, პირველად გააცნობიერა თუ როგორი ბუნების ძალასთან გვქონდა საქმე "ქართული ოცნების" სახით. დღევანდელ მარშზე აუცილებლად ძალიან ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეთ, გავიხსენოთ ის დღე და ვაჩვენოთ "ქართულ ოცნებას", რომ წინააღმდეგობა არსად წასუა, - ამბობს გიორგი სიორიძე.  

„ჯერ საქართველოს“ დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი კი აცხადებს, რომ 20 ივნისი საქართველოში დაგროვილი პოლიტიკური პრობლემების სიმბოლოდ იქცა და მსგავსი თარიღების გახსენება საზოგადოების პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. 

20 ივნისში გასხეულებულია ის პოლიტიკური ცდების უუარობა, რაც საქართველოში ჩამოყალიბდა. ამიტომ ჩვენ ასეთი თარიღი შეგვიძლია, სამწუხარო, არაერთი დავასახელოთ. ამიტომ ყოველი ასეთი მარში არის ერთგვარი შეხსენება, რომ ის, რაც არის, ჩვენ ამას არ ვეგუებით, ეს არის გასასწორებელი და რაც მალე, მით უკეთესი, - ამბობს "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი. 

"გავრილოვის" ღამიდან შვიდი წლის თავზე თბილისში ისევ პროტესტისთვის ემზადებიან. 

ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები საღამოს 19:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღად დარჩა. სწორედ ამ დღეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაშალა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის მოქალაქეებმა თვალის დაზიანებები მიიღეს.

20 ივნისის მოვლენების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ელენე ხოშტარია, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გავრცელდა.

მსგავსი სიახლეები