გახარია 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას გაექცა - ლევან მაჭავარიანი
„გავრილოვის ღამიდან“ შვიდი წლის თავზე, 20 ივნისის მოვლენებზე პოლიტიკური დავა კვლავ გრძელდება. გიორგი გახარიას გუნდი პასუხისმგებლობას ირაკლი კობახიძეს აკისრებს, ხოლო „ქართული ოცნება“ საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ იმდროინდელი მძიმე შედეგები სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებებს უკავშირდება.
ივანიშვილის პარტიაში ამბობენ, რომ 20 ივნისის საქმეზე გახარიამ პასუხისმგებლობას თავი აარიდა, მაშინ როდესაც თავად არაერთხელ აცხადებდა, რომ იმ ღამეს მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი სწორედ ის იყო.
20 ივნისი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე დღე იყო, ყველას მაქსიმალურად ნეგატიურად გვახსენდება ის შედეგები, რაც დადგა, ის მძიმე შედეგები ამ აქციაზე. სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია იყო, რომ ჩვენ ეს გამოძიება ბოლომდე მიგვეყვანა, ვინაიდან იკვეთებოდა ბატონი გახარიას ძალიან მნიშვნელოვანი გადაცდენა ამ ყველაფერთან დაკავშირებით და იმასაც შევახსენებ მაყურებელს, რომ ბატონ გახარიას პირდაპირ ეთერში რამდენჯერმე აქვს აღიარებული, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით ყველა ბრძანება მან გასცა, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით და შემდეგ, როდესაც იგი წარდგა საგამოძიებო კომისიის წინაშე, მან ძალიან ბინძურად ხელი შეაწმინდა პოლიციას და თქვა, რომ ეს პოლიციის თვითნებური გადაწყვეტილება იყო. ახლა ბატონი გახარია გაქცეულია. გაქცეულია იქიდან გამომდინარე, რომ თავისი დანაშაული იცის და გაურბის პასუხისმგებლობას, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
"გავრილოვის" ღამიდან შვიდი წლის თავზე თბილისში ისევ პროტესტისთვის ემზადებიან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები საღამოს 19:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღად დარჩა. სწორედ ამ დღეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაშალა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის მოქალაქეებმა თვალის დაზიანებები მიიღეს.
20 ივნისის მოვლენების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ელენე ხოშტარია, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გავრცელდა.