ექსკლუზივი - ვის ჩამოაქვს ზოდები "ქართული ოცნების" ელიტისთვის?
TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდისთვის ცნობილი ხდება, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების ერთი ჯგუფი, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გარემოცვასთან, ღრმა კავშირში შევიდა. ინფორმირებული პირი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ბესლან კარიმოვს მმართველი პარტიის ლიდერებისთვის ოქრო შემოაქვს.
მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, "შაბათის ეთერმა" ექსპერიმენტი ჩაატარა. ჟურნალისტი კადიროვის მარჯვენა ხელს, ბესლან კარიმოვს "ქართული ოცნების" დეპუტატების მეგობრად გაეცნო და თხოვა, ოქრო იაფად მისთვისაც ჩამოეტანა.
- კარიმოვი ტელეფონზე საუბარს ფრთხილობს - ორი წლის წინ, სატელეფონო საუბრის გამო, ის დიდ სკანდალში აღმოჩნდა. მას ფარულად ჩაუწერეს, როგორ ალაგებდა სქემებს დიდი ფულის სანაცვლოდ, რომელიც საბოლოოდ კადიროვის ფონდში მიჰქონდა. "ქართული ოცნების" დეპუტატების მეგობარი, რუსულ ჯარში წასვლის ნაცვლად მდიდარი ოჯახების წარმომადგენლებს, ჩეჩნურ ბატალიონებში ფიქტიურად აფორმებდა. რეალურად კი ფრონტის ხაზის ნაცვლად ამ ხალხს კურორტზე გზავნიდა. ამ თაღლითური სქემისთვის კი 10 მილიონ რუბლს იღებდა.
- "ოცნების" დეპუტატების მეგობარი, 53 წლის ბესლან კარიმოვი რუსეთში, თაღლითობისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით იძებნება, თუმცა კადიროვის ხალხთან მჭიდრო კავშირებს მაინც ინარჩუნებს. რუსული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ფედერაციიდან გაქცეულმა კარიმოვმა სახელი და გვარი შეიცვალა, თურქეთის მოქალაქეობა მიიღო და დირეს ემრეს სახელით გადაადგილდება. ფარულ ჩანაწერში, რომელიც მას რუსმა ბლოგერებმა გაუვრცელეს, ის თანამოსაუბრეს ფულის სანაცვლოდ, რუსეთის ტერიტორიაზე, ნებისმიერი პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას ან ჩაფარცხვას ჰპირდება.
რა საერთო იპოვა ამ კაცთან ქართულმა ოცნებამ?!
ჟურნალისტური ექსპერიმენტის დროს, როდესაც ბესლან კარიმოვს ეგონა, რომ დეპუტატ გიორგი ბარვენაშვილის მეგობარს ესაუბრებოდა, მას არ დაუმალავს, რომ საქართველოში რამდენიმეჯერ უკვე იყო და 15 ივნისის შემდეგ ჩამოსვლას ისევ აპირებდა. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, კარიმოვს, საქართველოში დეპუტატები გიორგი ბარვენაშილი და გიორგი ჭყონია მასპინძლობდნენ.
წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბარვენაშვილმა მიიყვანა კადიროველი კახა კალაძესთან შეხვედრაზეც. კარგად ინფორმირებული პირი აღნიშნავს, რომ კალაძესთან, როგორც მერთან კავშირის დემონსტრირება ბარვენაშვილს სჭირდებოდა, რომ თბილისში, მისი ერთ-ერთი ობიექტის, ცენტრალური თბოელექტრო სადგურის ყიდვა, კარიმოვისთვის ორჯერ ძვირად შეეთავაზებინა, კალაძეს კი მისი ეს პროექტი შეექო. მერი, ამტკიცებს, რომ ბესლან კარიმოვს არ იცნობს.
რაც შეეხება გიორგი ჭყონიას, "შაბათის ეთერის" წყაროს ინფორმაციით, სამშენებლო ბიზნესის მფლობელმა დეპუტატმა, კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრს, საკუთარ სამშენებლო კომპანია ,,თაურ ჯგუფის’’ კომპლექსში, სასტუმროს ნომერი საჩუქრად გადასცა.
ჟურნალისტური ექსპერიმენტის ფარგლებში ჩაწერილი ინტერვიუს დროს, კარიმოვს არც უცდია უარყოფა, რომ ოქრო საქართველოში "ოცნების" ლიდერებს ჩამოუტანა. მან "შაბათის ეთერს" უთხრა, რომ ოქროთი არ ვაჭრობს, უბრალოდ შეუძლია, ზოდები და მონეტები კარგად ფასად იშოვოს.
ჭყონია და ბარვენაშვილი "შაბათის ეთერთან" კომენტარს არ აკეთებენ.