პარტიების გაერთიანებას გაეშვით, უაზრობაა - რას გულისხმობს ხაბეიშვილის ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი
პარტიების გაერთიანებას გაეშვით, უაზრობაა - ამის შესახებ ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევან ხებეიშვილი TV პირველისთვის გამოგზავნილ წერილში წერს.
მისი თქმით, მთავარი ამოცანა ერის გაერთიანებაშია.
"ჩემი მთავარი გზავნილია, ეროვნული თანხმობის 5+1 პუნტქი"- აღნიშნავს ხაბეიშვილი:
ყველა ერთად უნდა დადგეს - სხვა გამოსავალი არ არის. პარტიების გაერთიანებას გაეშვით უაზრობაა, არასოდეს გამოვიდა, რაც არ გამოდის გავეშვათ, ერი გავერთიანდეთ განურჩევლად პარტიულობისა და გადავარჩინოთ საქართველო, სხვა შემთხვევაში უაზრო დროის ხარჯვაა და ქვეყნის ღალატია უმოქმედობა. ახლა ყველა ერთად და როცა დავაბრუნებთ ქვეყანას, ნორმალურ პირობებში, მერე „დაეტოლონ“ ლიდერები და ჩვენ - უბრალო მოკვდავები მოვემსახურებით ქვეყანას. ღმერთმა დალოცოს საქართველო"- აღნიშნულია "დღის ამბებისთვის" გამოგზავნილ წერილში.
ოპოზიციის ლიდერი თანამოაზრეებს მოქმედებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მთავარია ბრძოლის ფუნდამენტი შეთანხმდეს.
,,გორის ფაქტი და მელაძის მასალებზე მეტი რა უნდა მოხდეს?! ამას როგორ იტანს ერი?! როდის შეძლო ბიძინამ ასე დავეჩმორებინეთ?! დაჯერება არ მინდა იმის, რომ ამ სულში ჩაფურთხებას ეგუება ხალხი. შეუძლებელია ამის მშვიდად ყურება და შეგუება, ამიტომაც მიმაჩნია ფუნდამენტზე შეთანხმება (ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი) და შეტევაზე გადასვლა - თორემ უკვე მარჩიელობის და უაზრო კომენტარების იმედად დავრჩით, რომლებსაც სულ სხვისი გარჩევა უნდათ. ოღონდ თავად არაფერი აკეთონ და მუდმივად სხვას განსჯიან ან სულ რომ არაფერი, ერთმანეთში მაინც იქიშპებენ"- დასძენს ხაბეიშვილი.
ამასთან, TV პირველის ეთერში, ხაბეიშვილის ადვოკატმა, ანი ნადარეიშვილმა წაიკითხა ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მიერ დაწერილი 5+1 პუნქტი, რომელიც ნადარეიშვილის თქმით, არის პროპაგანდასთან საბრძოლველი გზავნილი ქართველი ხალხისთვის.
გთავაზობთ წერილს, რომელიც ანი ნადარეიშვილმა წაიკითხა:
- "საქართველოს სახელმწიფო ისტორიულ გზა-გასაყარზეა, ივანიშვილმა აირჩია ავაზაკ ბარაბას, მოღალატე იუდას გზა და უარყო დავით აღმაშენებლის თამარის ილია ჭავჭავაძის და რაც მთავარია იესოს გზა. ივანიშვილმა უარი თქვა სიკეთეზე, სიყვარულზე, დათმობაზე და მისი რეჟიმი დაამყნო სიძულვილზე, წამებაზე, ძალადობასა და დაყოფაზე. ძალადობრივ რეჟიმს ზურგს უმაგრებს ამორალური, აღვირახსნილი, მატყუარა რუსული პროპაგანდა. ჩვენი ვალდებულებაა ამ გამოწვევას ადეკვატურად ვუპასუხოთ. პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ, შეთანხმებას ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტზე".
ეს პუნქტებია:
1. საქართველოში არასოდეს იქნება დაშვებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება - ოჯახი იყო, არის და იქნება ქალის და მამაკაცის ერთობა.
ნადარეიშვილის განმარტებით, "პროპაგანდა ზუსტად მუშაობს ადამიანებზე, რომ ევროპა ითხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ამიტომ უარი უნდა ვთქვათ ევროპაზე" და არასდროს ევროკავშირს ეს არ მოუთხოვია.
2. საქართველოში ხალხის მთავარი გამაერთიანებელი ყველა დროს, ყველა ეპოქაში იყო რწმენა და ღმერთი. უფლის სიყვარული, ქრისტესმიერი სათნოება, სიკეთე და ტოლერანტობა. ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რეაბილიტაცია და აღდგენა. ასევე, სასულიერო აკადემიის გაძლიერება, ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა და ფინანსური მხარდაჭერა. მხარს დავუჭერთ, პატრიარქის ინსტიტუტისთვის შესაძლებლობის გაჩენას, რომ შობის და აღდგომის დღესასწაულებზე უშუამდგომლოს გარკვეული რაოდენობის მსჯავრდებულებს.
3. საქართველოდან კოლოსალური რაოდენობის მოქალაქე გაურბის სიდუხჭირეს, გაჭირვებას, რუსულ რეჟიმს და ამ ფონზე აბსოლუტურად უკონტროლოდ, ზღვარგადასული რაოდენობით ჩვენ ქვეყანაში შემოდიან რუსები, პაკისტანელები, ინდოელები, ირანელები და ა.შ. უპირობოდ შეწყდება უკონტროლოდ შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინება და გამკაცრდება საემიგრაციო პოლიტიკა. ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, იგივე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ზომიერების ფარგლებში, შეეძლებათ ესტუმრონ საქართველოს და არა ჩაანაცვლონ საქართველოს მოქალაქეები.
რაც შეეხება მეოთხე პუნქტს, ნადარეიშვილის განცხადებით, ის ეხება ყბადაღებულ გამოთქმას "აბა ომი გინდათ?!" და შემდეგი შინაარსისაა:
4. ოკუპანტ რუსეთთან გვექნება რაციონალური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რაც უპირობოდ უზრუნველყოფს სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ინტერესების ღირსეულ დაცვას.
5. საქართველოში მცირდება შობადობა და სიკვდილიანობა იზრდება - აქედან გამომდინარე, ამ ფონზე იშლება ოჯახები და მათი უმრავლესობა საქართველოდან გადახვეწით შველის საკუთარ თავს. ჩვენთვის ოჯახი, გამრავლება არის პრიორიტეტი და შესაბამისად, ქორწინება, ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა გახდება ფინანსურად წახალისებული და უზრუნველყოფილი.
რაც შეეხება +1 პუნქტს, ადვოკატის განცხადებით, ის ასე გამოიყურება:
"როგორც კი ამ 5 პუნქტზე შევთანხმდებით და ფორსირებულად პასუხს გავცემთ პროპაგანდას ყოველგვარი ჭოჭმანის, ჭრიალისა და ენის მოჩლექის გარეშე, შემდეგ უკვე შევძლებთ გადავიდეთ ასევე უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ეს არის: ევროპასთან ინტეგრაცია, დასავლურ ვექტორზე დაბრუნება, საკანონმდებლო ბაზის გასწორება, რომ უსწრაფესად დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ, ევროპულ ოჯახს - ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ საბანკო ოლიგარქიის დასრულებაზე, ეკონომიკურ სიკეთეებზე და დოვლათზე, რომელსაც მიიღებს ხალხი და +1 პუნქტი: საქართველო ივანიშვილის გარეშე. ამ პუნქტის შეუსრულებლობის გარეშე საბოლოოდ გადაიჩეხება ჩვენი ქვეყანა, რაც ცხადია, არ უნდა დავუშვათ".