ქონების "წართმევა" კობახიძის ბრძანებით - ხალხი დახმარებას ითხოვს

20.06.26 21:40
ქონების "წართმევა" კობახიძის ბრძანებით - ხალხი დახმარებას ითხოვს

ბოლო რამდენიმე თვეში, საქართველოს მთავრობის მიერ ექსპოპერაციის საბაბით ადამიანებისთვის ქონების ჩამორთმევის არა ერთი ამბავი გახმაურდა - ხალხი ამბობს, რომ მათ სახელმწიფო იძულების წესით ან ქონებას ართმევს ან მისი საბაზროზე იაფად გაყიდვას აიძულებს. ფული, რომელსაც კუთვნილ ქონებაში, მოქალქეებს სთავაზობენ, მათი შეფასებით, მიზერულია. მაგალითად, რუსთავში ტერიტორიებს მფლობელებს ეუბნებიან, რომ მიწის ნაკვეთები 22 დოლარად უნდა დათმონ, რაც საბაზროზე ბევრად იაფია.

მოქალაქეების თქმით, მთავრობა მათ არჩევანის წინაშე აყენებს: ან მიწა იაფად უნდა მიყიდონ, ან წაართმევენ. ასეთი პრობლემის წინაშე 4000-ზე მეტი მოქალაქე აღმოჩნდა, მათი კუთვნილი 470 ჰექტარი ტერიტორია რუსთავში სახელმწიფოს სჭირდება.

რუსთავში, ჟიული შარტავას გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთებს ადგილობრივი მოსახლეობა 30 წელზე მეტია ფლობს. რუსთაველების თქმით, მათ მამაპაპისეულ ქონებას ხელისუფლება ახლა იმ მიზეზით ართმევს, რომ აქ  საუნივერსიტეტო ქალაქის აშენება სურს.

ირაკლი კობახიძის განკარგულებით, რუსთავსა და წყალტუბოში საუნივერსიტეტო ქალაქისთვის მიწის ნაკვეთების მოძიება და პროექტის მომზადება მუნიციპალური განვითარების ფონდს 2025 წლის 1 დეკემბერს დაევალა. ინიციატივის განსახორციელებლად, რუსთავში კერძო მესაკუთრეების ტერიტორიები  მალევე შეარჩიეს. 2026 წლის 4 მარტს კი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ შარტავას გამზირზე კვადრატული მეტრი მიწის ღირებულება სულ რაღაც 22 დოლარია.

შარტავას გამზირის ამ მონაკვეთზე მიწა 4300 მესაკუთრეს აქვს. თითოეულს 900 კვადრატული მეტრი ეკუთვნის. უმეტესობას უძრავი ქონება 90-იან წლებში სახელმწიფომ რუსთავის მეტალურგიულ ქარხნებში დამსახურებული მუშაობის სანაცვლოდ გადასცა, ნაწილმა კი წლების წინ ქონება კერძო პირებისგან იყიდა. ახლა ხელისუფლება მათ ეუბნება, რომ მრავალწლიანი საკუთრება 19,800 დოლარად უნდა დათმონ. ვინც უარს იტყვის, მოსახლეობის განცხადებით, ქონებას იძულებით ჩამოართმევენ.

ხალხი დარწმუნებულია, რომ ე.წ. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის უკან რეალურად მსხვილი ბიზნეს-ინტერესები დგას. მოქალაქეების თქმით, ხალხის ქონებას ჩალის ფასად იგდებენ ხელში და  მალე აქ საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლება ხალხს ხელოვნურ ბარიერებს უქმნის. მიწის მფლობელებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ საჯარო რეესტრში დაცული მათი ძველი დოკუმენტაცია სრულყოფილი არ არის და განახლება სჭირდება. მას შემდეგ კი რაც მოქალაქეები ხელახალ წარმოებას იწყებენ, რეესტრი მათ არსებულ რეგისტრაციებს უუქმებს - მიწა დაურეგისტრირებლად ცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  გამოსასყიდი აღარაფერია, ის ავტომატურად სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის. ხალხი ამბობს, რომ მიწის ფასი, რომლის დათმობასაც 22 დოლარად აიძულებენ, რეალურად 50-დან 150 დოლარამდე ღირს.

ექსპროპრიაციის დაწყების შესახებ ბრძანებებს ეკონომიკის სამინისტრო ერთმანეთის მიყოლებით გამოსცემს და ყოველ მათგანს „სახელმწიფო საჭიროებით“ ამართლებს.

ბოლო თვეების ქრონოლოგია ასე გამოიყურება:

  • 3 აპრილი - მარიამ ქვრივიშვილმა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით დაასაბუთა გადაწყვეტილება, როდესაც ხელი მოაწერა ორთაჭალაში, ძველ თბილისურ ეზოებში მცხოვრები მოქალაქეებისგან ქონების იძულებით გამოსყიდვას.
  • 28 მაისი - ქვრივიშვილმა გამოსცა ბრძანება, იძულების წესით გამოისყიდონ მოსახლეობის კუთვნილი მიწები თელავში.
  • მეორე დღესვე 29 მაისს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მოაწერა ხელი ბრძანებას, რომ სტადიონის ასაშენებლად სახელმწიფოს მოქალაქე ზაქარია ქიმაძის კერძო საკუთრება სჭირდება თბილისში, ლოლაძის პირველ გასასვლელში.
  • იმავე დღეს, 29 მაისს, ქვრივიშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც რუსთავის გზატკეცილზე მდებარე კომპანია „ჯიემ ფარმას“ კუთვნილი მიწა იძულებით გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

ეს ხელისუფლების მიერ ბოლო თვეებში გამოცემული ბრძანებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. "შაბათის ეთერი" ცდილობდა, ეკონომიკის სამინისტროში გაერკვია, რატომ ანგრევენ ერთი ხელის მოწერით იმას, რაც მოქალაქეებმა წლების განმავლობაში ააშენეს.​

ყველა დეტალი და მხარეთა პოზიციები ვრცლად - მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალურ რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები