პუტინის კრიტიკოსი რუსი კარიკატურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
პუტინის კრიტიკოსი რუსი კარიკატურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 36 წლის ელნურს, რომელსაც ქართული პასპორტი აღმოაჩნდა, პოლონეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მიუხედავად ამისა, პოლონურ მედიაში ბრალდებულის საქმიანობასა და კავშირებთან დაკავშირებით ახალი კითხვები ჩნდება.
მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, რომლის გვარსაც გამოძიება არ ასაჯაროებს, აზერბაიჯანულად საუბრობს და რამდენიმე წლის წინ ვარშავაში მომხდარ მკვლელობის საქმესთანაც არის დაკავშირებული. არსებული ცნობებით, ის გარკვეული დროის განმავლობაში პოლონეთში ცხოვრობდა, თუმცა რეგულარულად მოგზაურობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ოფიციალურ უწყებებს განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. ამასთან, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულისთვის აღმოჩენილი ქართული დოკუმენტები გაყალბებული ყოფილიყო. პოლონელი სამართალდამცველები ამ ვერსიასაც იკვლევენ.