ხაბეიშვილის გზავნილები და „5+1“ შეთანხმება - რას ამბობენ ენმ-ში
ლევან ხაბეიშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ გზავნილებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ იზიარებენ. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ გამარჯვებისთვის აუცილებელია საერთო ხედვის ჩამოყალიბება, საზოგადოების გაერთიანება და იმ პრინციპებზე შეთანხმება, რომლებიც, მათი შეფასებით, ქვეყნის ევროპულ მომავალს უზრუნველყოფს.
პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ოპოზიციის მთავარი ამოცანა საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო საერთო ხედვის ჩამოყალიბებაა, რადგან ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობის გზა სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციაზე გადის.
ჩვენი მოდელი, უპირველე ყოვლისა, უნდა იყოს გამარჯვებისთვის საჭირო საერთო ხედვის შემუშავება, რაც აუცილებლად გადის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა აცნობიერებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ მოიპოვებენ ვერც მშვიდობას, ვერც კეთილდღეობას, ვერც უმუშევრობას გავუმკლავდებით სათანადოდ, ვერც სიღარიბეს, ვერც გაჭირვებას იმ შემთხვევაში თუ საქართველო არ გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი. ამ ხედის ირგვლივ უნდა ჩამოვაყალიბოთ შემდგომ, ბუნებრივია, ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ოპოზიციამ უნდა გადადგას, - ამბობს ბოკუჩავა.
ხაბეიშვილის ინიციატივას სრულ მხარდაჭერას უცხადებს ანი წითლიძეც. მისი თქმით, იზიარებს როგორც ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის გზავნილებს, ისე მის მიერ შეთავაზებულ „5+1“ ფორმატს და მიიჩნევს, რომ ხაბეიშვილი პატიმრობიდანაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზებაში.
ვიზიარებ ყველა მის სიტყვას, ყველა გზანილს, რომელიც მას ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობასთან" და არა მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან". ვიზიარებ მათ შორის ყველა იმ პუნქტს, რომელსაც ის, როგორც ვიცით, უახლოეს მომავალში წარუდგენს უკვე პარტიას განსახილველად. ლევან ხაბეიშვილი არის ძალიან კარგი მაგალითი იმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ის ციხეში ჩაესვა, გაეჩუმებინა, მაინც ის აძლევს მოტივიაციას ციხიდანაც კი საკუთარი პარტიის წევრებს, საკუთარ ამომრჩეველს, მხარამჭერებს და ზოგადდა, მთელ საქართველოს. რამდენიმე მნიშნელოვანი პუნქტი იყო: 5 პლიუს 1, ერთიანობა, ოღონდ მხოლოდ არა ხელოვნური ერთიანობა, ყველას ერთიანობა საქართელოს გადასარჩენად, - ამბობს ანი წითლიძე.
ლევან ხაბეიშვილის მიერ დასახელებულ პრიორიტეტებს ეთანხმება პარტიის წევრი ირაკლი ფავლენიშვილიც. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ იმ კონსერვატორული და მემარჯვენე-ცენტრისტული ღირებულებების მატარებელია, რომელთა შესახებაც ხაბეიშვილი საუბრობს.
სინამდვილეში, კონსერვატორიული ღირებულებები თუ ვინმეს აქვს, მემარჯვენე ცენტრისტული ძალა თუ ვინმე არის, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და არა "ოცნება", რომელიც არის დაარსებული ადამიანის მიერ, რომელმაც თქვა, რომ სულის უკვდავების არ სწამს, ანუ ათეისტის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალა ვერ იქნება ფიზიკურად მემარვენე ქრისტიანული ღირებულებების მქონე. რაც შეეხება ჩვენს ძალას, დიახ, ჩვენს ეს იდეები გვაქვს, ეს ღირებულებები გვაქვს და ნამდვილად ვეთანხმები ლევან ხაბეიშვილის მოცემულ ამ პუნქტებს, - ამბობს ფავლენიშვილი.
ხაბეიშვილის განცხადებას პარტიის იდენტობის გამოკვეთის შესაძლებლობად მიიჩნევს ლაშა ფარულავაც. მისი თქმით, საუბარია არა ღირებულებების დათმობაზე, არამედ ეროვნული, ოჯახური და კონსერვატორული პრინციპების კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოჩენაზე, რასაც პარტია უკვე სპეციალური კამპანიით გეგმავს.
ეს განცხადება აყალიბებს ჩარჩოს, რომლის მიხედვითაც ჩვენი იდენტობის დათმობა კი არ უნდა მოხდეს, პირიქით, ღირსეული ოჯახი, ტრადიციები, ეროვნული, კონსერვატორული მიდგომები და მათ შორის ჩვენი პარტია არის დემოკრატიული პოლიტიკური ძალა. ამ ღირებულებების მატარებელი. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვკვეთოთ ეს ხაზი. არათუ ვეთანხები, არამედ ჩვენ ვიწყებთ სწორედ ამ კამპანიას, - ამბობს ლაშა ფარულავა.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, პატიმრობაში მყოფმა ლევან ხაბეიშვილმა TV პირველისთვის გამოგზავნილ წერილში ოპოზიციური პარტიების გაერთიანების იდეა უაზრობად შეაფასა. მისი თქმით, მთავარი ამოცანა პარტიების კი არა, საზოგადოების გაერთიანებაა. ხაბეიშვილი ასევე ინიციატივით გამოდის და ე.წ. „5+1 შეთანხმებას“ სთავაზობს პოლიტიკურ სპექტრს, სადაც ხუთ ძირითად საკითხთან ერთად დამატებით პუნქტად „საქართველოს ივანიშვილის გარეშე“ ასახელებს.