პატიმრების გაშიშვლება, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა - პარლამენტი ომბუდსმენის კრიტიკულ დასკვნას ისმენს
პარლამენტში სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშს უსმენენ. ლევან იოსელიანმა ყურადღება პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა. ომბუდსმენის თქმით, პატიმრების სრული გაშიშვლების, ბუქნების გაკეთების მოთხოვნისა და ხანგრძლივი იზოლაციის პრაქტიკა კვლავ ფიქსირდება, ხოლო აქციებზე დაკავებულთა ნახევარზე მეტი სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.
ომბუდსმენის შეფასებით, მსგავსი ფაქტები ეფექტიან გამოძიებასა და ანგარიშვალდებულებას საჭიროებს.
დეესკალაციის ოთახისა და სამარტოო, უსაფრთხო საკნებში მოთავსება კვლავ ხშირად და ხანგრძლივი ვადით გამოიყენება, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პატიმრების მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო წელს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა კვლავ მიიღო ინფორმაცია პატიმრების, მათ შორის არასრულწლოვნების პირველადი შესახლების დროს სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების მოთხოვნის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ამგვარო პრაქტიკა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება დაწესებულების დებულებებს, არამედ დამამცირებელ მოპყრობას წარმოადგენს. საანგარიშო წლის განმავლობაში პატიმრები კვლავ აქტიურად მოგვმართავდნენ გაჭიანურებული ან არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების მიღების შესახებ განცხადებებით. პატიმრების ფიზიკურ და ფსიქო ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია, რესოციალიზაციის პროგრამების არასაკმარისი რაოდენობა. ასევე, დახურულ გასაკუთრებული რისკის დაწესებულებების შეზღუდული რეჟიმი, ინციენტების მართვის პრაქტიკა, გადატვირთულობა და საცხოვრებელ ადგილთან მოშორებულ დაწესებულებებში განთავსება. დახურულ და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში კვლავ 23 საათს ატარებენ საკანში და მხოლოდ 1 საათით გადიან სასეირნო სივრცეებში, სადაც არ არის შექმნილი განტვირთვისა და ფიზიკური ვარჯიშისთვის საჭირო სათანადო პირობები.
ანაგარიშის წარმოდგენის დროისთვის სახალხო დამცველის წარმოამდგენლებს მონახული ჰყავდათ აქციებზე დაკავებული, ჯამში, 573 პირი, რომელთაგან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302 დაკავებული, დაზიანებები აღენიშნებოდა 192 პირს. მონახულებული დაკავებულებიდან 49 იყო ქალი და 2 არასრუწლოვანი. მოვინახულეთ აქციებზე დაკავებული 131 პირი, რომელთაგან პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 35 პირი, დაზიანებები აღენიშნებოდა 17 პირს, - თქვა ლევან იოსელიანმა.
პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებთან ერთად, სახალხო დამცველმა ყურადღება ადამიანის უფლებების უფრო ფართო სპექტრზეც გაამახვილა. ლევან იოსელიანის შეფასებით, ბოლო პერიოდში გაიზარდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევები. ომბუდსმენი კრიტიკულად აფასებს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც და აცხადებს, რომ არაერთ შემთხვევაში დაწესებული სანქციები არაპროპორციულია. მისივე თქმით, შეკრების თავისუფლების შემზღუდავი რიგი საკანონმდებლო ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება ძირითადად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენითა და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, ბოლო პერიოდში გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევები. უმნიშნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშბლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა. გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულიად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშბლიური ენა უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მიმართულებით საანგარიშო წელის გამოირჩეოდა კანონმდებლობის გამკაცრების და ახალი რეგულაციების სიმრავლით. მათ შორის დამატებითი შეზღუდვები დაწესდა შეკრების გამართვის ადგილთან და ფორმასთან დაკავშირებით. ამასთან, უფლების საკანონმდებლო დაცვის გარანტიების შესუსტებას თან სდევდა არაპროპორციული სახდელების დაწესება შეკრების თავისუფლების სარგებლობათან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით შემაშფოთებელია შეკრების მონაწილეთა ცალკეული მშვიდობიანი ქმედებების უალტერნატივოდ დაქვემდებარება ადმინისტრაციული პატიმრობისთვის. ასევე როგორც მათი განმეორებით ჩადენისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება. შეკრების თავისუფლების შემზღუდავი რიგი საკანონმებლო ნორმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრე.
2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა საჯარო მოხელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტები, რაც სავარაუდოდ, მათ მიერ საჯაროდ გამოხატულ პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციებს უკავშირდება. გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ასევე საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, რომლითაც შეიზღუდა სასამართლო სხდომების საჯაროობის პრინციპი და შესაბამისად, მართლმსაჯულების გამჭვირვალობის მანამდე არსებული პრაქტიკა, - განაცხადა ომბუდსმენმა.
ომბუდსმენმა ყურადღება კიდევ ერთ სისტემურ პრობლემაზეც გაამახვილა. ლევან იოსელიანის განცხადებით, ბრალდებულებისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვა ხშირ შემთხვევაში ავტომატურად ვრცელდება მათ არასრულწლოვან შვილებზეც, რაც, მისი შეფასებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დამატებით სამართლებრივ რეგულირებას საჭიროებს.
საანგარიშო პერიოდში დავწყეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემის შესწავლა, რომელიც უკავშირდება ბრალდებულთათვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის პროცესში არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის ავტომატურ და ბლანკეტურ შეზღუდვას. აღნიშნული პრობლემა გამოიკვეთა ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილის საქმის შესწავლის შედეგად, როდესაც აღლკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობის პერიოდში შეეზრუდა გარე სამყაროსთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციის უფლება. საგულისხმოა, რომ კანონი ბრალდებულის პირადი ცხოვრების უფლების შემზღუდავი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის საკითხზე რაიმე სპეიცლაურ რეგულირებას არ აწესებს. აუცილებელია, კანონით განისაზღვროს კონკრეტული წესი, რომლის თანახმადაც საგამოძებო ორგანოს დაევალება ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უფლებს შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბრალდების სპეციფიკისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, განიხილოს ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვის, მის არასრულწლოვან შვილზე გაუვრცელებლობის შესაძლებლობების საკითხი. ამ საკითხის დარეგულირების მიზნით საქართველოს პარლამენტს წინადადებითაც მოვმართე, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.