საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა

22.06.26 11:37
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა

მარნეულში იმამ ალის მეჩეთში მუჰარამის თვესთან დაკავშირებით მორწმუნეების მიერ აიათოლა ალი ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერის შესრულებას პარტია "დროა"  ეხმაურება და წერს, რომ ქვეყმო ქართლში საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ბავშვებისა და ახალგაზრდების ინდოქტრინაციის, რადიკალიზაციისა და რეკრუტირების მაღალ დონეზე აწყობილი სქემა მოქმედებს, რომლის უკანაც ირანის ტერორისტული რეჟიმი დგას.

დროას განცხადების თანახმად, მთავარი დანაშაული, რასაც ივანიშვილი ამ მიმართულებით ჩადის, არის სასათბურე პირობების შექმნა ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს.

"ქვემო ქართლის რეგიონში, საგანგაშო ზღვარს აღწევს ირანის ტერორისტული რეჟიმის პოლიტიკური, იდეოლოგიური და ოპერატიული გავლენა, ირანული ქსელის გაფართოების ტენდენცია, რასაც აბსოლუტურად შეგნებულად ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმი.

გუშინ ვიხილეთ მარნეულში გადაღებული კადრები, რომელშიც ირანის ტერორისტული რეჟიმის ერთ-ერთი სიმბოლოს - აიათოლა ალი ხამენეის პლაკატი ჩანს წარწერით: "მისი უწმინდესობა აიათოლა ხამენეი, მსოფლიოს ჩაგრულთა ლიდერი და თავისუფლების ხმა". ვიდეოში ვხედავთ ახალგაზრდებს, რომლებიც პლაკატის წინ რელიგიურ რიტუალს ასრულებენ. იგივე ხდება გარდაბანშიც, თბილისიდან 10-15 კილომეტრში.

ქვემო ქართლის რეგიონში საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ბავშვებისა და ახალგაზრდების ინდოქტრინაციის, რადიკალიზაციისა და რეკრუტირების მაღალ დონეზე აწყობილი სქემა მოქმედებს, რომლის უკანაც ირანის ტერორისტული რეჟიმი დგას. ამ ყველაფერს კი მხარს უჭერს საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება.

"ქართული ოცნების" კავშირები ირანთან მხოლოდ იმით კი არ შემოიფარგლება, რომ თეირანში სტუმრობისას კობახიძე ჰესბოლას და ჰამასის ტერორისტებთან ერთად ზის დარბაზში, სადაც ისმის შეძახილები: "სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს!". მთავარი დანაშაული, რასაც ივანიშვილი ამ მიმართულებით ჩადის, არის სასათბურე პირობების შექმნა ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის, რაც, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, წარმოშობს რისკებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისა და მშვიდობისთვის.

ირანის მზარდი გავლენა საქართველოში, გარდა უშუალო და მყისიერი საფრთხეებისა, შეუთავსებელს ხდის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან, რაც თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშიც აღინიშნა. განცხადების თანახმად, აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, მავნე გარე გავლენებისგან ქვეყნის გათავისუფლებაა. იგულისხმება რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მავნე გავლენის ქსელების ნეიტრალიზაცია.

გამოსავალი მხოლოდ "ქართული ოცნების" რეჟიმის ცვლილებაშია. მოღალატე რეჟიმისა, რომლის სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატის ამოცანა არა ქვეყნის წინაშე რეალურად არსებული გამოწვევების, რისკებისა და საფრთხეების ანალიზი და მათთან გამკლავება, არამედ პოლიტიკურად მიუღებელი ადამიანების დევნაა". - წერს დროა.

სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავცელდა ვიდეოკადრები მარნეულის ერთ-ერთი მეჩეთიდან, კადრში ჩანს, რომ მორწმუნეები რელიგიურ საგალობელს ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პლაკატის წინაშე ასრულებენ. 

მსგავსი სიახლეები