ხელისუფლება, რომელიც სიღარიბის დამარცხებაზე საუბრობს, ყოველ წელს ზრდის ბავშვების რაოდენობას, რომელთაც უბრალოდ შია - სიორიძე
ხელისუფლება, რომელიც სიღარიბის დამარცხებაზე საუბრობს, ყოველ წელს ზრდის ბავშვების რაოდენობას, რომელთაც უბრალოდ შია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი სიორიძე სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქამდე, სახალხო დამცველის მხრიდან ასეთი მწვავე ანგარიში არ გვახსოვს.
მისი თქმით, 2025 წლის მონაცემებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 362 ამ ბაზაში პირველად დარეგისტრირდა
„მნიშვნელოვანი იქნებოდა, მას რეალობა ადრეც ასე კრიტიკულად და ადეკვატურად შეეფასებინა. მისი წლევანდელი ანგარიში მნიშვნელოვანია.
განსაკუთრებით საგანგაშოა სამი მიმართულება, რომელიც ეხება ბავშვთა შიმშილს, პოლიციელების მხრიდან ძალადობას და საპატიმრო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას.
2025 წლის მონაცემებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 362 ამ ბაზაში პირველად დარეგისტრირდა. ამასთან, საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობამ 278 639, ხოლო აღნიშნული დახმარების პირველად მიმღებთა მაჩვენებელმა 12 868 შეადგინა. აქვე, საგულისხმოა, რომ ბაზაში არის რეგისტრირებული 186 163 ოჯახი, სადაც ერთი ბავშვი მაინც ცხოვრობს, ხოლო საარსებო შემწეობას 129 329 ოჯახი იღებს.
ხელისუფლება, რომელიც სიღარიბის დამარცხებაზე საუბრობს, ყოველ წელს ზრდის ბავშვების რაოდენობას, რომელთაც უბრალოდ შია.
სახალხო დამცველმა გამოავლინა, რომ პოლიციელების მხრიდან დაკავების, ასევე დაკავების შემდეგ პოლიციის მანქანასა და ადმინისტრაციულ შენობებში, დაკავებულ პირებს პოლიციელები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურად ძალადობდნენ მათზე. დაკავებულ პირებს, პოლიციელები აგინებდნენ, ბუქნებს აკეთებინებდნენ და ადგილი ჰქონდა ღირსების შემლახავ მოპყრობას. აღნიშნულზე არაერთხელ გვისაუბრია და საზოგადოებაში განგაშიც ამტყდარა. ეს რომ სისტემური დანაშაულია და ამ რეჟიმის სახე, კითხვის ნიშნები არ არსებობს.
„ქართული ოცნების“ პირობებში, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ციხეებში არსებული სისტემური დანაშაულის ფონზე, არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. პატიმრებს ხშირად არ აძლევენ ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის უფლებას.
დიახ, „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ადამიანის უფლებების დაცვის დროშით, საზოგადოებას ჰპირდებოდა თავისუფლად სუნთქვას, იქცა სწორედ იმ რეჟიმად, რომლის დროსაც, ქვეყანამ ადამიანის უფლებათა გაუარესებით თვალსაზრისით განიცადა ყველაზე დიდი ვარდნა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ“, - აღნიშნა სიორიძემ.