ბრიუსელში ევროკავშირი-მოლდოვის სამიტი მიმდინარეობს - EU რეფორმების შედეგებს აფასებს

22.06.26 16:04
ბრიუსელში ევროკავშირი-მოლდოვის სამიტი მიმდინარეობს - EU რეფორმების შედეგებს აფასებს

 

 

ბრიუსელში ამ წუთებში ევროკავშირი-მოლდოვის სამიტი მიმდინარეობს, სადაც მხარეები ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, ეკონომიკურ მხარდაჭერასა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ადგილზე იმყოფება მაია სანდუ საკუთარ დელეგაციასთან ერთად. შეხვედრას ესწრებიან ანტონიო კოშტა და ურსულა ფონ დერ ლაიენიც. 

მაია სანდუ ევროპელ პარტნიორებს აბარებს ანგარიშს იმის შესახებ, თუ რა მოხდა პირველი კლასტერების გახსნის შემდეგ. საუბარია კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, დემოკრატიული ინსტიტუტების  და კორუფციასთან ბრძოლის მიმათულებით საკითხებზე.

უკვე ცნობილია, რომ დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე მოლდოვის ლიდერმა ბევრი შექება მიიღო იმ რეფორმების გამო, რომელიც ვეყანაში გაატარა. 

უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით მოგილოცოთ  თქვენ და თქვენს მთავრობას, თქვენს ხალხს იმ მძიმე შრომისთვის, რომელიც გასწიეთ ამ წლის განმავლობაში.და იმ ფაქტისთვის, რომ გასულ კვირას ჩვენ ოფიციალურად გავხსენით მოლაპარაკებები მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ჩვენ დავიწყეთ პირველი კლასტერით, მაგრამ ახლა საჭიროა ვიმუშაოთ უფრო მეტი და უფრო სწრაფად, რათა გავხსნათ ყველა სხვა კლასტერი. იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს მთავარი პრიორიტეტია — ჩვენი გაფართოება მოლდოვასთან მიმართებით. და რა თქმა უნდა, ეჭვი არავის ეპარება, რომ თქვენ იმსახურებთ მიაღწიოთ ევროკავშირში გაწევრიანებას რაც შეიძლება მალე. ახლა ჩვენ გადავლახეთ პოლიტიკური ბლოკადები. ახლა ეს მხოლოდ მძიმე შრომაა და, რა თქმა უნდა, მძიმე შრომაში თქვენზე უკეთ ვერავინ მიაღწევს შედეგს ამ საქმეში, - განაცხადა ანტონიო კოშტამ შეხვედრაზე.  

მოლდოვის პროგრესი დადებითად შეაფასა ევროკომისიის პრეზიდენტმაც. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კიშინიოვი რეფორმების განხორციელებას სწრაფი ტემპით აგრძელებს და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს. 

ქალბატონო პრეზიდენტო, შესანიშნავია თქვენი აქ დანახვა, მოლდოვასთან რიგით მეორე სამიტზე. ჩვენ გვაქვს ორი დიდი საკითხი. პირველი, რა თქმა უნდა, არის ევროკავშირში გაწევრიანება და მართლაც, გასულ კვირას, ჩვენ ფაქტობრივად გავხსენით პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კარი — პირველი კლასტერი, და ახლა მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება მალე გაიხსნას ყველა სხვა კლასტერიც. კომისიამ უკვე მისცა რეკომენდაცია საბჭოს კლასტერების გახსნის შესახებ. მეორე საკითხი, რომელიც ჩვენ გვექნება, არის ზრდის გეგმა და უნდა ვთქვა, შთამბეჭდავია იმის ხილვა, თუ რამდენად სწრაფად და ჩინებულად ასრულებთ თქვენ იმ რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია. ფაქტობრივად, ეს ქმნის თანაბარ პირობებს ჩვენს ერთიან ბაზართან და ამგვარად, აქაც ხსნის ერთიანი ბაზრის კარებს მოლდოვური კომპანიებისთვის. მთლიანი ზრდის გეგმა 1.9 მილიარდ ევროს შეადგენს. თქვენ უკვე გქონდათ პირველი ტრანშები და უნდა ვთქვა, შთამბეჭდავია იმის დანახვა, თუ რამდენად ბევრს მუშაობთ ამაზე, რამდენად წარმატებული ხართ და მე მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად ამ მუშაობის გაგრძელებას, - განაცხა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

ევროპელი ლიდერების შეფასებების შემდეგ, სიტყვით თავად მაია სანდუ გამოვიდა. მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების შანსის გამოყენებას მაქსიმალურად ცდილობს და წევრობისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებას დაჩქარებული ტემპით აგრძელებს. 

ასეთი მომენტები იშვიათია. კარები  ისინი იხსნება და იხურება, ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. შინ ჩვენ იმაზე მეტს ვმუშაობთ, ვიდრე ოდესმე. წევრობის პერსპექტივა გვაძლევს ძალას, რათა რეფორმები სწრაფად განვახორციელოთ და მივაღწიოთ შედეგებს. და ჩვენ იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე ჩვენგან მოითხოვება — მივდივართ მართლაც რთულ რეფორმებზე, რათა მოვემზადოთ წევრობისთვის. ჩვენ დავიმსახურებთ ყოველ ნაბიჯს. ჩვენ ჩვენს წილ საქმეს ვაკეთებთ და გვჯერა, რომ ევროპაც გააკეთებს თავის წილს, რაც დაემთხვევა ჩვენს სიჩქარესა და ამბიციას. სწორედ ასე შევინარჩუნებთ ერთად შესაძლებლობების ფანჯარას ღიად. მადლობელი ვარ ამ პარტნიორობისთვის, - თქვა მაია სანდუმ. 

მოლდოვა და უკრაინა წლების განმავლობაში საქართველოსთან ერთად „ასოცირებული ტრიოს“ წევრები იყვნენ, თუმცა დღეს ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს სახელი პრაქტიკულად აღარ ისმის.

მსგავსი სიახლეები