მოლდოვის პროგრესი და საქართველოს ჩამორჩენა - ოპოზიცია პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს
ევროკავშირი-მოლდოვის სამიტის პარალელურად, ქართული ოპოზიცია საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ გზას ერთმანეთს ადარებს და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც კიშინიოვი ევროკავშირისგან პროგრესისთვის შექებას იღებს, თბილისი ევროპულ ინტეგრაციას სულ უფრო შორდება. ოპოზიციის შეფასებით, პასუხისმგებლობა სრულად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
"ოცნების" გუნდის პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა "ძლიერი საქართველოს" წევრმა ლანა გალდავამ. მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლება მიზანმიმართულად არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, ის ყველანაირად ცდილობს, არ შეასრულოს ევრორეკომენდაციები, ქვეყანა ჩამოშორდა დემოკრატიულ პროცესებს, ყოველდღიურად ადამიანებს უსწორდებიან ქუჩებში თუნდაც ტროტუარზე დგომისთვის, ვხედავთ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებს და ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რაც იმას ნიშნავს, რომ არაფერს აკეთებს ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. ეს განსხვავებაა მოლდოვასა და საქართველოს შორის, - ამბობს ლანა გალდავა.
საქართველოსა და მოლდოვას შორის განსხვავებაზე საუბრობს "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილიც. მისი შეფასებით, მოლდოვამ ევროკავშირთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, მაშინ როცა საქართველო უკან იხევს.
მოლდოვისთვის ეს მეორე სამიტია ევროკავშირთან, რაც გაიმართება და პირველია პირველი კლასტერის გახსნის შემდეგ, რაც საკმაოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია მოლოდვას ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. საქართველო ჩამორჩება. დაწევის კუთხით ერთადერთი გამოსავალი არსებობს თუ "ქართული ოცნება" შეიცვლება, სხვა ყველა შემთხვევაში "ქართული ოცნების" გაცხადებული პოზიციაა ევროკავშირის საბოტაჟი. ნაბიჯები, რაც შეიძლება, გადადგას, პირველ რიგში, "ქართულმა ოცნებამ", დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას. მას აქვს წაყენებული სამი ძირითადი პირობა და ეს ეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, პოლიტიკურ ლიდერებზე დევნის შეწყვეტას, პარტიების გაუქმების შეჩერებას და ემოკრატიულ რელსებზე გადასვლას, - ამბობს ბუტიკაშვილი.
ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე ამახვილებს ყურადღებას გახარიას გუნდის წევრი ანა ბუჩუკურიც. მისი თქმით, უახლოეს დღეებში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველო კიდევ ერთ კრიტიკულ შეფასებას მიიღებს.
რამდენიმე დღეში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი ანგარიში იქნება საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის გაუარესებაზე. ეს არის სამწუხარო რეალობა და ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ "ოცნებას", - ამბობს ანა ბუჩუკური.
ბრიუსელში ევროკავშირი-მოლდოვის სამიტი მიმდინარეობს, სადაც მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის, ეკონომიკური მხარდაჭერისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. მაია სანდუ ევროპელ ლიდერებს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ანგარიშს აბარებს. ევროკავშირის წარმომადგენლებმა მოლდოვის პროგრესი დადებითად შეაფასეს და კიშინიოვს კანონის უზენაესობის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეული შედეგებისთვის შექება გამოუცხადეს.
მსგავსი სიახლეები
საშუალო ხელფასის 2400 ლარად წარმოჩენა და ამ რიცხვით ტრაბახი სტატისტიკური ტყუილია - თაზო დათუნაშვილი
"ლელო” გამოდის ინიციატივით, რომ ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი აიწიოს მინიმუმ 100 000 ლარამდე და მხოლოდ იმ მოქალაქეებს დაევალოთ ქონების გადასახადი, რომლებსაც 100 000 ლარი და მეტი აქვს შემოსავალი.