საშუალო ხელფასის 2400 ლარად წარმოჩენა და ამ რიცხვით ტრაბახი სტატისტიკური ტყუილია - თაზო დათუნაშვილი
"ლელო” გამოდის ინიციატივით, რომ ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი აიწიოს მინიმუმ 100 000 ლარამდე და მხოლოდ იმ მოქალაქეებს დაევალოთ ქონების გადასახადი, რომლებსაც 100 000 ლარი და მეტი აქვს შემოსავალი"- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საქსტატის მონაცემები გააკრიტიკა და თქვა, რომ "საშუალო ხელფასის 2400 ლარად წარმოჩენა და ამ რიცხვით ტრაბახი პირდაპირ არის რიცხვებით მანიპულირება და სტატისტიკური ტყუილი".
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას 1330 ლარი აქვს ხელფასი საშუალოდ და ისინი ყოველდღიურად იბრძვიან გაორმაგებული კომუნალური გადასახადების, გაჭირვებისა და სიდუხჭირის წინააღმდეგ.
ფასების კატასტროფული ზრდის ფონზე, საქართველოში დასაქმებულთა ხელფასები მინიმალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლადაც კი არ არის საკმარისი.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2400 ლარამდეა, თუმცა ცხადია, ეს რიცხვი რეალობას არ ასახავს.
რეალობის საუკეთესო ინდიკატორი და აპრობირებული მეთოდი მთელ ცივილიზებულ სამყაროში არის მედიანური ხელფასის დათვლა, მედიანური ხელფასი კი თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე საშუალო ხელფასი და 1330 ლარს შეადგენს.საშუალო ხელფასის რიცხვები გაზრდილია მაღალანაზღაურებადი სექტორებში მაღალი ხელფასებით, როგორიცაა IT სფერო, საფინანსო და სადაზღვევო სექტორები და ა.შ.
ამავდროულად, როდესაც ანაზღაურება მაღალია IT სექტორში დღემდე ძალიან დაბალია ხელფასი სკოლის პედაგოგებისთვის, ბაგა-ბაღების აღმზრდელებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ ჩვენი ყოველდღიური სიკეთისთვის და ჩვენი შვილების მომავლისათვის.
ის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც პოზიტიურია უკანასკნელი თვეების განმავლობაში, მედიანური ხელფასი კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რომ ამ მაკროეკონომიკური რიცხვების ბენეფიციარი არ არის საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა. საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა 1330-ლარიანი ხელფასის ფარგლებში ყოველდღიურად იბრძვის ფასების წინააღმდეგ, ყოველდღიურად იბრძვის გაორმაგებული კომუნალური გადასახადების წინააღმდეგ, გაჭირვებისა და სიდუხჭირის წინააღმდეგ.
საშუალო ხელფასის 2400 ლარად წარმოდგენა და ამ რიცხვით ტრაბახი არის რიცხვებით მანიპულირება და სტატისტიკური ტყუილი!!! ეს რიცხვები იწერება არაორგანული ბიზნესისთვის, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში არაფერ მნიშვნელოვანს არ ტოვებს. მაგალითად ისეთი, როგორიც არის უაზროდ გაბერილი IT კომპანიები, რომლის საბოლოო ბენეფიციარები რუსები არიან, აგრეთვე იბერება იმ არაადეკვატურად მაღალი ხელფასებით, რომელიც "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებს აქვთ, იმ არაადეკვატურად მაღალი პრემიებით, რომელსაც ისინი ყოველწლიურად ინიშნავენ, იმ ენდემური, საყოველთაო და ტოტალური კორუფციით, რომელიც რკინიგზიდან დაწყებული ნებისმიერი მუნიციპალური სამსახურით დამთავრებული, ყველგანაა მოდებული, როგორც კიბოს მეტასტაზები.კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა და გაუაზრებელი ფინანსური წნეხია მთელი ამ ვითარების, მთელი ამ სიდუხჭირის ფონზე ქონების გადასახადი. ქონების გადასახადი საქართველოში ითვლება 2005 წელს მიღებული ნორმით, რაც ნიშნავს, რომ ოჯახებს, რომლებსაც 40 000 ლარზე მეტი აქვთ შემოსავალი, ვალდებულები არიან, დაადეკლარირონ თავიანთი ქონება და ქონების და ხელფასის მოცულობის შესაბამისად გადაიხადონ გადასახადი.
40 000-ლარიანი შემოსავალი ნიშნავს, რომ საშუალოდ ოჯახს უნდა ჰქონდეს 1000 ლარამდე შემოსავალი იმისთვის, რომ ქონების გადასახადის გადამხდელი იყოს. ეს ზღვარი უკვე 21 წელია არ შეცვლილა. ქვეყანამ განიცადა კატასტროფული ინფლაცია, ვალუტის კატასტროფული გაუფასურება, მაგრამ ეს გადასახადი ისევ ითვლება 40 000 ლარზე და ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრ მოქალაქეს წნეხად აწევს. აბსოლუტურად უსამართლოა ეს მიდგომა! მთელ ცივილიზებულ სამყაროში ქონების გადასახადი ეს არის ძირითადად მდიდრების გადასახადი, იმ ადამიანებს, რომლებიც ფლობენ დიდი რაოდენობით ქონებას და აქვთ მაღალი შემოსავალი, ისინი იხდიან ამ გადასახადს, რომ საერთო სიკეთეს მოხმარდეს. საქართველოში კი ფაქტობრივად ყველა ოჯახი, რომელიც 1000-ლარიან ზღვარს სცდება, მათივე დათვლით საშუალო ხელფასზე ორჯერ და უფრო მეტჯერ ნაკლები შემოსავალი აქვს, ვალდებულია, რომ ქონების გადასახადი გადაიხადოს.
"ლელო” გამოდის ინიციატივით და აუცილებლად განახორციელებს ამ
ინიციატივას ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წელს, რომ ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი აიწიოს მინიმუმ 100 000 ლარამდე და მხოლოდ იმ მოქალაქეებს დაევალოთ ქონების გადასახადი, რომლებსაც 100 000 ლარი და მეტი აქვს შემოსავალი. ამას არ გააკეთებს "ქართული ოცნება" იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" არ ზრუნავს ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე, ის ზრუნავს საკუთარი ჯიბის გასქელებაზე და ჩვენი მტრების ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ვგულისხმობ რუსებს"- თქვა მან.