სახალხო დამცველის ანგარიშში - ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 380 ათასი მოზარდი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია
სახალხო დამცველის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოში გაჭირვებული ბავშვების რაოდენობა იზრდება. ომბუდსმენი წერს, რომ მხოლოდ 2025 წელს სოციალურ დაუცველთა სიას კიდევ 23 ათასზე მეტი პირი დაემატა. ამ ფონზე მთავრობა ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სიღარიბეს ამცირებს. საერთო ჯამში, დახმარებას სახელმწიფოსგან 380 ათასამდე მოზარდი იღებს.
ეს სტატისტიკა ბავშვთა უფლებების დამცველებისთვის საგანგაშოა - ათასობით ბავშვის სოციალურად დაუცველთა ბაზაში ყოფნა ნიშნავს, რომ ისინი ღირსეულ პირობებში ვერ ცხოვრობენ - ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს, სოციალური პროგრამები მათ პრობლემას ვერ უგვარებს.
რას აკეთებს სახელმწიფო ბავშვების დასახმარებლად? - ომბუდსმენი ამბობს, რომ რეალურად არაფერს - პროგრამები ოჯახებს გრძელვადიანად ვერ ეხმარება და უკეთესი პირობების შექმნას ხელს არ უწყობს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა და ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველთა ბაზების გადახედვის და რაოდენობის შემცირების.
ომბუდსმენის აპარატის მიერ აღწერილი რეალობა "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია - საპარლამენტო გუნდში სჯერათ, რომ 2030 წლისთვის სიღარიბეს დაამარცხებენ.