პუტინის ანექსიის გეგმა - რუსი დიქტატორისა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის შეხვედრაზე "ოცნებას" კომენტარი არ გაუკეთებია
მოსკოვი ანექსიის პროცესს დაჩქარებულ ვადებში იწყებს. ორი შეხვედრა ორ თვეში... ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ლიდერი მოსკოვში დღეს ჩავიდა. ალან გაგლოევი პუტინს პირადად შეხვდა და მასთან ერთად განიხილა როგორი უნდა იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის მომავალი. დახურულ შეხვედრაზე ისაუბრეს თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე. ანუ როგორ უნდა მოვიდეს სისრულეში ცხრა მაისს დადებული შეთანხმება და სამხრეთ ოსეთის მიერთება რუსეთთან. ყველაფერი პუტინის პრესს-სპიკერისგან გავიგეთ.
საოკუპაციო რეჟიმის და პუტინის ხელისუფლების კიდევ უფრო დაახლოება ანექსიას ნიშნავს, რადგან შეთანხმებით. რომელიც ცხრა მაისს მოსკოვში დაიდო თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით: თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა და სოციალური პოლიტიკაც. შეთანხმება ითვალისწინებს ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სისტემების გაერთიანებასაც. ასეთი საუბრები კი ნიშნავს, რომ ყველაფერი დაჩქარებულად ხდება.
ყველაფერი უნდა მოხდეს რუსული ფულით და რუსული ინტერესების შესაბამისად. საჯაროდ ცოტას ლაპარაკობენ, მაგრამ არავინ იცის რა ხდება დახურულ კარს მიღმა. როგორ შეეცდება პუტინი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის მიტაცებას. ფაქტია, რუსული გავლენები ბოლო თვეებში ოკუპირებულ ნაწილში კიდევ უფრო გაძლიერდა, ამას მოწმობს ბოლო გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერად მარატ კამბოლოვი დანიშნეს. ის კრემლის კადრია და წლები რუსეთის ფედერალურ სტრუქტურებში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. მისი დანიშვნა ე.წ კონსტიტუციის გვერდის ავლით მოხდა, რადგან ამ თანამდებობაზე სამუშაოდ, მას მინიმუმ 10 წელი უნდა ეცხოვრა ცხინვალში.