სააფთიაქო ნარკომანიის საქმეში ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრის გვარი გამოჩნდა
სააფთიაქო ნარკომანიის საქმის ერთ-ერთ ფიგურანტად ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი, მიხეილ ჩოხელი სახელდება - "პირველების" ინფორმაციით, ჩოხელს ბრალი უკვე წარუდგინეს.
გამოძიების თანახმად, ფარცხალაძის მეგობარი და ფინანსური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, მიხეილ ჩოხელი ფარმაცევტულ კომპანიას ფლობდა.
ჩოხელის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მართლაც ფლობს ფარმაცევტულ კომპანიას, თუმცა უკანონო საქმიანობას გამორიცხავს.
უფლებადამცველის თქმით, სისხლის სამართლის საქმის მასალები ჯერ არ გადასცემიათ - "მასალებს რომ ჩავიბარებთ, ვნახავთ რა გვიწერია, როგორი ზღაპარია შეთხზული".
ბრალი უკვე წარედგინა. ბრალის შინაარსი ალოგიკურია ჩვენთვის. ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებასთან შეხებას გამოვრიცხავთ. მასალებს რომ ჩავიბარებთ, ვნახავთ რა გვიწერია, როგორი ზღაპარია შეთხზული. ფარმაცევტულ კომოპანიას ფლობდა დიახ. კაცი იყო და არის ბიზნესმენი. კომოპანიის ფლობა არ ნიშნავს, რომ ვინმე კომპანიის მფლობელი ან დამფუძნებელი ან მესაკუთრე დანაშაულებრივ ქმედებას ჩადის. რა ფუნქცია ჰქონდა ამ კომპანიას და როგორ არის წარმოდგენილი ბაზარზე, ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით, საქმის მასალების გაცნობის შემდგომ აუცილებლად თქვენ და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას. მიხეილ ჩოხელი ქვეყანაში არ იმყოფება". - ამბობა დვოკატი გაგი მოსიაშვილი.
- ჩოხელი ასევე ბრალდებილია ე.წ. ქოლცენტრების საქმეშიც. უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი გამოძიების ინტერესის საგანი მაშინაც გახდა, როდესაც საჯაროდ გავრცელბული ცნობებით, მისი საბანკო სეიფიდან 2,9 მილიონი დოლარი ამოიღეს. ფარცხალაძის გარემოცვის წევრი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. მასზე ძებნაა გამოცხადებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს, სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დანაშაულებრივი ჯგუფის 17 წევრი დააკავეს, 3 პირზე კი ძებნა გამოცხადდა.
დაკავებულთა შორის არიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მაღალჩინოსნები.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი 7 წლის განმავლობაში უკანონო საქმიანობას ეწეოდა და 53 მილიონ ლარზე მეტს დაეუფლა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ფართომასშტაბიანი ქსელი ქვეყანაში 2018–2025 წლებში მოქმედებდა. პროცესს კი ორგანიზებას უწევდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.