სალია მასპინძლობს სირიელ კოლეგას, რომლის ქვეყანასაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობა" აღიარებული აქვს

25.06.26 13:42
სალია მასპინძლობს სირიელ კოლეგას, რომლის ქვეყანასაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობა" აღიარებული აქვს

 

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია სირიელ კოლეგასთან, მაჯარ ალ-ვაისთან ერთად, თბილისში მიმდინარე გაერო-ს ფორუმზე იმყოფებოდა. 

საუბარია შეხვედრაზე, სადაც მინისტრმა დელეგაციის წევრებს საჯარო სერვისების მიწოდების ქართული მოდელი გააცნო. 

  • ცნობისთვის, სირიას ოკუპირებული ტერიტორიები აქვს აღიარებული და შესაბამისად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. 

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სირიაში ახალი ხელისუფლებაა, რომელიც მზად არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხი განიხილოს. ამასთან პაატა სალია განმარტავს, რომ მათ სურთ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინონ. 

დღეს იქ არის ახალი ხელისუფლება, რომელსაც აქვს მზადყოფნა, რომ განიხილოს აღნიშნული საკითხი და რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ჩვენ გვსურს, რომ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები ამ ქვეყანასთან, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა როგორც ხალხებს შორის, ასევე იყო ბიზნეს-ურთიერთობა, იყო პოლიტიკური ურთიერთობა, თუმცა იმ ნაბიჯმა, რაც გადადგა ასადის ხელისუფლებამ ეს ყველაფერი ჩიხში შეიყვანა და მოგვიწია დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. 

მე პირადად ვესაუბრე და გეტყვით, რომ დავაფიქსირე ჩემი, როგორც ერთი ადამიანის პოზიცია არა მარტო, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის და მინისტრის, მე თავად ვარ აფხაზეთიდან წამოსული, მე ვიცი რა არის ომი, ვიცი რა არის დევნილობა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩემთვის, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის აქტი იყო მასთან მესაუბრა ამაზე, ჩემთვის პერსონალური, ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა ამას და ორივე ჭრილში, სახელმწიფოებრივ ჭრილში ვისაუბრე და ასევე ვისაუბრე, როგორც ერთმა მოქალაქემ. 

მე დავინახე მზაობა, რომ განვიხილოთ, მან ბრძანა, რომ ისინი არიან გარდამავალ ეტაპზე. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი საკითხია და პირველი მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დააკომპლექტონ და შექმნან და რა თქმა უნდა, ამაზე მზადყოფნა გამოხატა მინისტრმა," - განაცხადა პაატა სალიამ. 

  • "ქართული ოცნება" ყოველთვის იმეორებს, რომ ისინი არ თანამშრომლობენ მათთან, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს - "დღეს ევროსაბჭოს ერთ-ერთი ინსტიტუცია, PACE არის საქართველოს სუვერენიტეტზე ერთ-ერთი მთავარი თავდამსხმელი. ის, ვინც არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და საქართველოს დამოუკიდებლობას, ჩვენ ასეთ ინსტიტუციასთან არანაირი ურთიერთობის რესურსი არ გვაქვს, სანამ არ აღიარებენ" - განაცხადა შალვა პაპუაშილმა ცოტა ხნის წინ.  

მსგავსი სიახლეები