მოვითხოვთ საწვავზე აქციზის განახევრებას, ფასების შემცირებას და კორუფციული დანამატის სრულად ამოღებას - ლაშა ფარულავა

26.06.26 12:23
მოვითხოვთ საწვავზე აქციზის განახევრებას, ფასების შემცირებას და კორუფციული დანამატის სრულად ამოღებას - ლაშა ფარულავა

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"  საწვავზე აქციზის განახევრებას მოითოვს - როგორც ბრიფინგზე ლაშა ფარულავამ განაცხადა, ასევე აუცილებელია საწვავის ფასების შემცირება და ფასებიდან "კორუფციული დანამატის სრულად ამოღება".

როგორც თავად ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ფასებში 86%-იანი კორუფციული დანამატია - ამბობს ფარულავა. 

მისი თქმით, ქართული ბაზარი რუსეთზე დამოკიდებული გახდა და ფასები საგრძნობლად გაიზარდა. „საქართველო რუსული გავლენებისა და ინტერესების ცენტრად იქცა.

ქვეყნის ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, სასურსათო უსაფრთხოება და ნავთობპროდუქტების ბაზარი რუსეთზე დამოკიდებული გახდა. მიუხედავად ამისა, ფასები არათუ არ შემცირებულა, არამედ გაიზარდა. როგორც თავად ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ფასებში 86%-იანი კორუფციული დანამატია. ეს განსაკუთრებით აისახება საწვავის ფასზე, რომელიც თითქმის ყველა პროდუქტისა და მომსახურების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ამიტომ, მოვითხოვთ საწვავზე აქციზის განახევრებას, საწვავის ფასების შემცირებას და ფასებიდან კორუფციული წილის, კორუფციული დანამატის სრულად ამოღებას“,-განაცხადა ლაშა ფარულავამ.

გარდა ამისა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიას პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა. 

„მოვითხოვთ ელენე ხოშტარიას მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის შესაძლებლობა. ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება. ამის უზრუნველსაყოფად და ყველაზე ეფექტიან გზად მიგვაჩნია მისი გათავისუფლება“,-განაცხადა ფარულავამ.

მსგავსი სიახლეები