კობახიძე აანონსებს, რომ 2029 წელს ქვეყანაში სიღარიბე "სრულად აღმოიფხვრება"
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 2025 წელს საქართველოში ეკონომიკა 7,5 პროცენტით გაიზარდა - დღეს, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას, ქვეყნის პრემიერმა საქართველოს ეკონომიკა მოლდოვის ეკონომიკას შეადარა და თქვა, რომ ხუთი წლის განმავლობაში საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის სხვაობა 13,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ 2026-31 წლებში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ექნება არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით.
კობახიძემ დღეს ასევე დააანონსა, რომ 2029 წელს ქვეყანაში სიღარიბე "სრულად აღმოიფხვრება".
ციფრები არის ის, რაც ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად არ უყვართ, რადგან ციფრები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. არ სჭირდება ციფრებს განსაკუთრებული ანალიზი. შეიძლება გაგაკრიტიკონ ბევრი რამისთვის, როდესაც ფეხბურთს თამაშობ, “პასებში ჰქონდა ხარვეზები” და ა.შ. თუმცა ტაბლოზე თუ არის ანგარიში 7:1, ამ კრიტიკას დიდი ფასი არ აქვს.
მე შემიძლია გითხრათ, რა ანგარიშით დასრულდა გასული წელი ჩვენი ქვეყნისთვის. არა ჩვენთვის მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის სუბიექტურად, არამედ რა ანგარიშით დასრულდა ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორი იყო ქვეყნის წინსვლა და პროგრესი გასული ერთი წლის, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ 2025 წელს გაიზარდა 7,5 პროცენტით. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 3,9 მილიარდი დოლარით გასული ერთი წლის განმავლობაში, რაც არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი.
ჩვენ ვადარებთ ხოლმე ჩვენს ეკონომიკას მოლდოვის ეკონომიკას, რომელიც არის ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. მინდა გითხრათ, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის გაიზარდა 13,5 მილიარდი დოლარით.
26-31 წლებში საქართველოს ექნება ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი, როგორც ფართო რეგიონში ასევე ევროპის მასშტაბით. ასევე გაიზარდა გასული წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი. 2025 წელს საშაულო ხელფასმა შეადგინა 2283 ლარი და გაიზარდა 312 ლარით, რაც ასევე არის საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელი.
საქართველოში 280 ათასი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული გამოწვევა, ეს არის პრინციპული პრობლემა. საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა შესაძლებელი არის 2029 წლისთვის"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.