ირაკლი კობახიძე ძალოვან უწყებებს "იუველირული მუშაობისთვის" მადლობას უხდის

26.06.26 15:45
ირაკლი კობახიძე ძალოვან უწყებებს "იუველირული მუშაობისთვის" მადლობას უხდის

 

 

ირაკლი კობახიძის მადლობა ძალოვან უწყებებს - ქვეყნის პრემიერმა 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებზე საუბრისას თქვა, რომ შსს-მ, სუს-მა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურმა "იუველირული მუშაობა" და პრევენციულადაც, საფრთხეების აღსაკვეთად იმუშავეს.

პარლამენტში მისული მთავრობის მეთაური დღეს ბოლო დროს მიღებული კანონებით იწონებდა თავს - კობახიძე ამტკიცებდა, რომ სწორედ "გამჭვირვალობის შესახებ კანონმა" და "გრანტების კანონმა" მისცათ ვითარების დამშვიდების საშუალება. 

4 ოქტომბერს უცხოურმა აგენტურამ დაამთხვია ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენ სამართალდამცავ სტრუქტურებს, განსაკუთრებით შსს-ს, სუს-ს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მინდა მადლობა გადავუხადო იუველირული მუშაობისთვის გასული წლის 4 ოქტომბერს. ძალიან მძიმე პროცესები იყო და ძალიან სერიოზულად იმუშავეს, პრევენციულადაც, საფრთხეების აღსაკვეთად და უშუალოდ, 4 ოქტომბრის დღეს, პარლამენტს ჰქონდა განსაკუთრებული წვლილი, განსაკუთრებით იმ კანონმდებლობას, რომელიც მიიღო პარლამენტმა გასული წლების განმავლობაში და განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, გრანტების შესახებ კანონზე. ეს იყო ზუსტად ის კანონები, რომელმაც მოგვცა ჩვენ ვითარების დამშვიდების საშუალება.

თქვენ იცით, რას ხმარდებოდა უცხოური გრანტები, ეგრეთ წოდებულ ენჯეოებზე გაცემული გრანტები ჩვენს ქვეყანაში. ხმარდებოდა ქვეყნის არევას, თავდასხმას სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მართლმადიდებელ ეკლესიაზე, საბოტაჟის მცდელობას და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, „გამჭვირვალობის“ კანონმა მოგვცა ვითარების რადიკალურად შეცვლის საშუალება. მახსოვს, თითოეულმა თქვენგანმა როგორი პროცესები გამოიარეთ თავის დროზე, რამხელა შეურაცხყოფის, უსამართლობის ატანა მოგიწიათ. მაშინ გუნდის თითოეული წევრი, თითოეული პარლამენტარი დადგა მოწოდების სიმაღლეზე. სხვანაირად, ასეთი ბრძოლის გარეშე შედეგები ვერ მიიღწევა. მადლობა პრინციპულობისა და სიმართლის ბოლომდე გატანისთვის.

ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება, პირველ რიგში, იმით, რომ ხალხს ვუთხარით სიმართლე. ძალიან გვიჭირდა ხალხისთვის სიმართლის თქმა. მახსენდება თუნდაც 2021, 2022 წელი, მანამდე წლები, როდესაც საკმარისი იყო ერთი ევროპარლამენტარის უსამართლო განცხადება, რომ ხალხში ამას გამოეწვია სერიოზული მღელვარება", - განაცხადა კობახიძემ.  

მსგავსი სიახლეები