ვიკა ფილფანი კობახიძეს: თქვენ ხარ პრემიერი, რომელიც თემურ ლენგის საფლავზე ნამყოფია, მაგრამ საოკუპაციო ხაზთან - არა
„თქვენ ხარ პრემიერი, რომელიც აღმოსავლეთში ხშირად ხართ, თემურ ლენგის საფლავზე ნამყოფი ხართ, მაგრამ საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არა ხართ" - ასე მიმართა ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა ირაკლი კობახიძეს, რომელიც პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოდის.
გახარიას ტანაგუნდელმა მთავრობის მეთაურს შეახსენა, რომ სწორედ მან ჩამოიყვანა 2019 წელს სერგეი გავრილოვი საქართველოში და სწორედ მან ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.
ვიკა ფილფანის აღნიშნულ განცხადებას, სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.
ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ პარლამენტის ის ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც გავრილოვი ჩამოიყვანა, უმასპინძლა და სავარძელში ჩასვლა. პრემიერ-მინისტრი, რომლის პირობებშიც ქვეყანამ შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ვის დროსაც ამოქმედდა „მოსკოვის მექანიზმი“, თქვენი პრემიერობის პირობებში დასანქცირდნენ მოსამართლეები, უმაღლესი თანამდებობის პირები. თქვენ ხართ პრემიერი, რომელიც აღმოსავლეთში ხშირად ხართ, თემურ ლენგის საფლავზეც ნამყოფი ხართ, მაგრამ საოკუპაციო ხაზთან - არა! ასევე, თქვენ ხართ პრემიერი, რომლის პირობებშიც თავად ბიძინა ივანიშვილიც დასანქცირდა, მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა, თქვენ ხართ ამ ყველაფრის შემოქმედი და პასუხისმგებელი და თქვენ არ ხართ დასანქცირებული. ამას შეიძლება ჰქონდეს ორი მიზეზი - ერთი, რომ არ აღგიქვამენ სერიოზულად და მეორე, შეიძლება რაღაც განსაკუთრებული ნიჭის გამო, ურთიერთობები გაქვთ გარე ძალებთან. იქნებ გაუზიაროთ თქვენს კოლეგებს, რატომ არიან თვითონ დასანქცირებულები და თქვენ - პასუხისმგებელი პირი, არ ხართ დასანქცირებული?“ - განაცხადა ფილფანმა.