ივანიშვილის პრემიერმა დაადასტურა, რომ ის სერიული მატყუარა და ოროსანია - თაზო დათუნაშვილი

26.06.26 16:08
ივანიშვილის პრემიერმა დაადასტურა, რომ ის სერიული მატყუარა და ოროსანია - თაზო დათუნაშვილი

ივანიშვილის პრემიერმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის სერიული მატყუარა, ყალიბდება დამწყებ ფაშისტად, მაგრამ ისევ „ოროსანია“ და ვერაფერს უგებს ქართულ ეკონომიკას, ქართულ სოციალურ პოლიტიკას და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას, - ასე შეაფასა „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიში.

მისი თქმით, “ეს იყო ზიზღის, ტყუილის, აგრესიის, გახლეჩის ანგარიში“.

„კობახიძე დღეს ყელყელაობდა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სხაპასხუპით კითხვით, მაგრამ არცერთი ამ რიცხვის შინაარსი არ იცის და არ ესმით არცერთი ამ რიცხვის უკან რა დგას. ამბობს, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი არის 2400 ლარი, მაგრამ არ იცის ან უარყოფს იმას, რომ ამ ქვეყნის ყველაზე მეტ მოქალაქეს 350 ევროზე ნაკლები შემოსავალი აქვს. ეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. პრემიერმა ან არ იცის, ან თქვენ გატყუებთ, რომ რუსეთის უკანა ეზო და მეკობრეობით დაგროვილი მაკროეკონომიკური რიცხვები არამდგრადია და ერთ დღეში შეიძლება გაქრეს, როცა რუსული აგრესია დასრულდება“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია „მომავალში ამხელს ხელისუფლებისა და მისი საპარლამენტო გუნდის დანაშაულებრივ უმოქმედობას, სისტემურ კორუფციას და მისი მთავრობის მიერ საქართველოს და სახელმწიფო ინტერესების ღალატს“.

„ეს იყო ზიზღის, ტყუილის, აგრესიის, გახლეჩის ანგარიში. ეს იყო ანგარიში, რომელიც არც ერთ ქართულ ოჯახში არ მოეწონათ, მაგრამ მოეწონათ და უხარიათ მოსკოვში ჩვენს მტრებს, უხარიათ სოხუმში და ცხინვალში სეპარატისტებს. ამ ქვეყნის ყველა მავნებელს, ვისაც უხარია დაჩაგრული, უძლური და კორუფციაში ჩაფლული საქართველოს ხილვა“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

მსგავსი სიახლეები