ელენე ხოშტარია: ცალსახად ვაცხადებ, თუ ჩემს კლინიკაში გადაყვანას დამოკიდებულს გახდიან ჩემს თხოვნა/მოთხოვნაზე, დაივიწყონ
ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს - დაპატიმრებული ქალი პოლიტიკოსი ცალსახად ამბობს, რომ თუ მისი კლინიკაში გადაყვანა დამოკიდებულია მის "თხოვნა/მოთხოვნაზე, "ქართულმა ოცნებამ" ეს უნდა ეს დაივიწყოს".
"ექვსი თვის თავზე დიაგნოზამდე მიგიყვანეთ. ეხლა მიიღეთ გადაწყვეტილება და აიღეთ პასუხისმგებლობა" - წერს ხოშტარია.
"დროას" ლიდერი მადლობას უხდის ყველას თანაგრძნობისთვის. მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "სისტემა რუსულია და მათთვის არ არსებობს უკანონობისა და არაადამიანურობის ფსკერი".
პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ მაკა იოსელიანს. ძალიან ვაფასებ, რომ შეწუხდა და ამდენი დრო დამითმო.
დიდი მადლობა ანი ქავთარაძეს, ეკა ბესელიას, შოთა თუთბერიძეს, ჩემს დროელებს, ქალთა მოძრაობასა და თინა ბოკუჩავას.
რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სისტემა რუსულია და მათთვის უკანონობისა და არაადამიანურობის ფსკერი არ არსებობს.
ცალსახად და მკაფიოდ ვაცხადებ: თუ ჩემს კლინიკაში გადაყვანას დამოკიდებულს გახდიან ჩემს თხოვნა/მოთხოვნაზე, დაივიწყონ. არც ერთ ვითარებაში ჩემგან თხოვნას არ მიიღებთ.
ექვსი თვის თავზე დიაგნოზამდე მიგიყვანეთ. ეხლა მიიღეთ გადაწყვეტილება და აიღეთ პასუხისმგებლობა.
ასევე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ამ პროცესზე პასუხისმგებელია პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის მიმართულება.(ასეა მზიას, ზინოვკინას, ნინო დათაშვილისა და ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობის შემთხვევაში)
ნესტან ვერულაშვილის მიმართ გულწრფელად პრეტენზია არ გამაჩნია. მეტიც, პატივს ვცემ.
ძალიან მყარი არგუმენტები რომ არ მქონდეს, არ ვიტყოდი. რასაც ნამდვილად არ ვიტყვი ვინმე ურთმელიძეზე. მას კიდევ არაერთხელ მივუბრუნდებით და მივხედავთ.
P.S. ჩემი სრული მხარდაჭერა ტვ პირველს და ფორმულას. ეს საგანგაშო სიგნალია.
რუსთავის ქალთა ციხე"- წერია განცხადებაში.