ირაკლი კობახიძე 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას განმარტავს
ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც ქვეყანაში უწყევტი პროტესტი გამოიწვია, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან თავსებადია.
- ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ აყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და უარს ამბობს ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
მთავრობის მეთაურმა დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ სამართლაში არსებობს კოლიზიის პრინციპი და თუ არის კოლიზია სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპსა და კონკრეტულ საგარეო პოლიტიკის ამოცანას შორის, უპირატესობა ძირითად დებულებებში განმტკიცებულ ნორმებს ენიჭება.
სწორედ ასეთი დილემის წინაშე დადგა ჩვენი ქვეყანა, როდესაც 78-ე მუხლი გამოიყენებოდა ძალიან უხეშად და თავხედურად შანტაჟისთვის - ირწმუნებოდა საპარლამენტო ორგანოში მისული კობახიძე.
პრემიერი ამბობს, რომ ღირსების გარეშე არცერთ საერთაშორისო ალიანსში წევრობას არ აქვს ფასი - მისივე მტკიცებით, ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან- "ასეთ შემთხვევაში ყველა პრობლემა ამ ურთიერთობებში მყისიერად გადაიჭრება".
რაც შეეხება 28 ნოემბრის განცხადების თავსებადობას 78-ე მუხლთან - 78-ე მუხლში წერია ასეთი რამ, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროინტეგრაციისთვის, აქ იგულისხმება ყველა გონივრული ზომა. არსებობს ასევე კოლიზიის პრინციპი სამართლაში და მე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს პირველი თავით არის გარანტირებული სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპი და თუ არის კოლიზია სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპსა და კონკრეტულ საგარეო პოლიტიკის ამოცანას შორის, უპირატესობა კოლიზიის პრინციპის თანახმად ენიჭება ძირითად დებულებებში განმტკიცებულ ნორმებს. სწორედ ასეთი დილემის წინაშე დადგა ჩვენი ქვეყანა, როდესაც 78-ე მუხლი გამოიყენებოდა ძალიან უხეშად და თავხედურად შანტაჟისთვის, სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ მოგვიწია ამ კოლიზიის გადაჭრა იმ განცხადებებით, რომელიც გაკეთდა 28 ნოემბერს.
ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია და მე მინდა შეგახსენოთ ჩვენი საარჩევნო სლოგანი - "მხოლოდ ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ". ღირსების გარეშე არცერთ საერთაშორისო ალიანსში წევრობას არ აქვს ფასი. ამიტომ, ბოლომდე გავყვებით პრინციპულად ამ მიდგომას, სადაც იქნება კოლიზია ეროვნულ ინტერესებსა და კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას შორის, იქ აუცილებლად ვიმოქმედებთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახლო მომავალში ევროპული ბიუროკრატია უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ქართული ხალხის ეროვნულ ინტერესებთან. ასეთ შემთხვევაში ყველა პრობლემა ამ ურთიერთობებში მყისიერად გადაიჭრება", - განაცხადა კობახიძემ.