სააკაშვილი ზურაბიშვილს პასუხობს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სალომე ზირაბიშვილის მიერ გადაცემა "რეაქციაში" გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილის უკმაყოფილება ექს-პრეზიდენტის მიერ მისი მისამართით გამოყენებულმა ფრაზამ "არა და არასდროს" გამოიწვია.
პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი იხსენებს, როგორ შეარჩია ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე და წერს იმაზე, როდის გაიყო მათი გზები:
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ კვლავ გაიმეორა ჩემზე „არა და არასდროს!“
ვინ არის ეს ქალი? მას ჰქონდა საფრანგეთში კარგი დიპლომატიური კარიერა, მეც რევოლუციის შემდეგ გატაცებული ვიყავი იდეით, რომ ჩვენ, როგორც ბალტიის ქვეყნებს, დაგვებრუნებინა და ხელისუფლებაში გამოგვეყენებინა ჩვენი ემიგრანტები.ზურაბიშვილს ჰქონდა ძალიან კარგი ოჯახური წარმომავლობა. ჰყავდა ძალიან კარგი დედა. დღესაც პატივისცემით ვეპყრობი მის ძმას, ოთარ ზურაბიშვილს. სალომეს მეუღლე, ჯანრი კაშია დედაჩემის და ბიძაჩემის მეგობარი იყო. ამიტომ ძალიან მომეწონა აზრი, 2004 წელს, საბჭოთა გადმონაშთი თედო ჯაფარიძის ნაცვლად, მისი საგარეო მინისტრად დანიშვნის.
მაშინ მე გამოვეკიდე ოცნებას. ამ საკადრო ცვლილების შემდეგ, ოცნება მწარე რეალობაში გადაიზარდა. სალომე აღმოჩნდა ყველაზე უარესი საგარეო მინისტრი, რომელიც საქართველოს როდისმე ჰყოლია.
პირველივე დღიდან საერთოდ მიუშვა სამინისტროს ორგანიზაციული ნაწილი. ჩემი სახელმწიფო ვიზიტების დროს, მოულოდნელად ტოვებდა ხოლმე დელეგაციას, თიშავდა ტელეფონს და იკარგებოდა მრავალი დღით. სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაიკიდა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მეზობლები, თურქეთი და აზერბაიჯანი, ისე რომ მაშინდელმა თურქეთის პრეზიდენტმა გიულმა, პირადად მომთხოვა მისი თურქული მიმართულებიდან ჩამოშორება და მას იმ პერიოდში ოფიციალურად აუკრძალეს თურქეთში შესვლა.სამინისტროს ხელმძღვანელობაში გაჩნდნენ სალომეს სრულიად საეჭვო ფავორიტები, რომელთაც პროფესიონალიზმთან საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონდათ. ამ ყველაფრის შემყურე, პარლამენტში პრაქტიკულად დაიწყო ბუნტი სალომეს წინააღმდეგ და მე ის გადავაყენე. როდესაც ჩემი გადაწყვეტილება გავაცანი, სალომემ მითხრა ახლავე დაითხოვე პარლამენტი, დანიშნე არჩევნები და მე დამნიშნე პრემიერ მინისტრადო, მე ამაზე გამეცინა, მოკლედ მაშინ ესე დავშორდით.
ეგრევე გადაეშვა ოპოზიციურ საქმიანობაში. ოღონდ ეს არ იყო ჩვეულებრივი ოპოზიცია, არამედ ნამდვილი ანტი-სახელმწიფოებრივი მავნებლური საქმიანობა.
2007 წელს რუსულმა su -24 ტიპის ბომბდამშენებმა დაგვიბომბეს უკრაინაში ნაყიდი ბუკ-1m ტიპის საჰაერო დაცვის სისტემა სოფელ წითელუბანში, გორთან. ზურაბიშვილმა ეგრევე მოიწვია პრესკონფერენცია სადაც გამოაცხადა რომ სინამდვილეში ჩემი ბრძანებით გადავღებეთ ქართული თვითმფრინავი და დავბომბეთ საკუთარი თავი, რათა ეს რუსეთის დასადანაშაულებლად გამოგვეყენებინა. მოიქცა ზუსტად როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრი გრაჩოვი 1993 წელს, როცა ქართველები დაადანაშაულა სოხუმის დაბომბვაში.
2008 წლის შემდეგ მისმა კოლაბორაციონისტობამ საბოლოოდ გაშალა ფრთები. აშანშალებდა პოსტებს იმაზე თუ როგორ დავბომბე "მძინარე ცხინვალი" და ამაზე უნდა გავსამართლდე და ასევე დაწერა წიგნი "La tragédie géorgienne", რომელიც რუსეთმა წარადგინა ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებად ჩემი და ქართველი სამხედროების მიერ სამხედრო დანაშაულების ჩადენაზე.
ამიტომ უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ვერ იპოვიდა უფრო კარგ კანდიდატურას პრეზიდენტობის, რა არის უკეთესი საქართველოს ომში დამადანაშაულებელ საფრანგეთის ყოფილ ელჩზე და შესაბამისად დაავალეს ეს ივანიშვილს.
2018 წლის არჩევნები უხეშად გაყალბდა, ძალადობით, მოსყიდვით მათ შორის დიახ სალომეს გაპრეზიდენტებას პირდაპირ შეეწირა ზუგდიდელი სკოლის დირექტორი, უკეთილშობილესი ია კერზაია, რომელიც სალომეს სახელით დააშანტაჟეს, ატერორეს და მისმა გულმა ამას ვერ გაუძლო.
პრეზიდენტობის დროს ზურაბიშვილი კიევში შეხვდა ვლადიმერ ზელენსკის ერთადერთ საკითხით - ჩემი დაპატიმრების და საქართველოსთვის გადაცემის. ეს მომიყვა თვითონ ზელენსკიმ, რომლის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი. რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტმა ის ძალიან შორს გააგზავნა და როცა ომის დაწყების შემდეგ სალომემ რამდენჯერმე სცადა კიევში ჩასვლა და ზელენსკისთან სურათის გადაღება, ზელენსკის ადმინისტრაციის პასუხი იყო ყოველთვის ერთი და იგივე. "ჩვენ მას პიარის კეთების საშუალებას არ მივცემთ და მაინც თუ უნდა ჩამოსვლა, ჯერ გაუშვას სააკაშვილი".
მთელი ეს ბოლო წლები ზურაბიშვილი სხვადასხვა დასავლეთის ტელეეთერებში ვრცლად ჰყვებოდა ჩემს მიერ ჩადენილ "დანაშაულებზე" ასაბუთებდა თუ რატომ უნდა ვიყო ციხეში.
უკიდურესად უარყოფითი იყო ზურაბიშვილის როლი მასობრივი გამოსვლების დროს. მან არაერთხელ დაშალა რეჟიმის შესაცვლელად გამზადებული ხალხი. ამავე დროს ოპოზიციის ნაწილის დიდი შეცდომა იყო, სალომეს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლების ორგანოდ გამოცხადება, იმიტომ რომ გაყალბებით, ძალით მოყვანილი "პრეზიდენტი" თავიდანვე არ იყო ლეგიტიმური.
სალომე ზურაბიშვილი, იმის მაგივრად რომ ბოდიშს იხდიდეს რომ ქვეყნის დანგრევის ნაწილი იყო, კიდევ უტიფრად და ურცხვად ამტკიცებს, რომ ყველაფერში მართალი იყო, ივანიშვილზე უფრო ამაზრზენია ასეთი ხალხი. ამას ყველაფერს იმიტომ ვწერ რომ უნდა ვისწავლოთ კარგის და ცუდის გარჩევა. უნდა მტერს დავუძახოთ მტერი და მოყვარეს მოყვარე. სხვანაირად სულ ერთ წრეზე ვივლით"- წერს სააკაშვილი.