TV პირველის ინფორმაციით, ოპოზიციურ ველზე კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა გაჩნდება

26.06.26 18:07
TV პირველის ინფორმაციით, ოპოზიციურ ველზე კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა გაჩნდება

TV პირველისთვის ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციურ ველზე კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა გაჩნდება. "პირველების" ინფორმაციით,  პარტიას უპარტიო ადამიანები ქმნიან.  

ერთ გუნდში მოიაზრებიან საბა ბუაძე, ბორის  ჩელე ყურუა და ნიკა ობოლაძე.  სავარაუდოდ მლაპარაკებები მიმდინარეობს ვადო მაჭავრიანთანაც.  

ჩვენი ინფორმაციით, პარტიის პრეზენტაცია სექტემბერში იგეგმება და პოლიტიკური ჯგუფი  პოლიტიკურ ველზე დამოუკიდებლად იბრძოლებს.  

ქართველი ხალხის პრობლემების მოგვარებას სჭირდება პოლიტიკური სივრცის სრული ცვლილება, რაც გულისხმობს უფრო პატიოსანი, უფრო კომპეტენტური, უფრო პრაგმატული და უფრო სუფთა წარსულის მქონე ალტერნატივის ჩამოყალიბებას. ასეთი ალტერნატივის ჩამოყალიბების გარეშე, ეს ცვლილებები ვერ მოხდება. თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სწორედ იმაზე, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი ალტერნატივა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სისტემურ გადატვირთვას მოახდენს და შექმნის ისეთ ალტერნატივას, რომელიც იქნება უფრო პატიოსანი უფრო კომპეტენტური, უკეთესი ხედვის მქონე და ამ ქვეყანას სამშვოდობოს გაიყვანს"- აცხადებს პოლიტიკოსი, საბა ბუაძე. 

ნიკა ობოლაძე "პირველებთან" ამბობს, რომ ახალი პარტიის კონტურები შემოდგომისკენ გამოიკვეთება. მისი თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ისეთ ადამიანებთანაც მიმდინარეობს, რომლებიც სხვა პარტიაში ირიცხებიან:  

არიან ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ე.წ. უპარტიოებად მოიხსენეიებენ და ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს აქტიური კომუნიკაცია. გვაქვს ისეთ პირებთან კომუნიკაცია, ვინც კონკრეტულ პარტიაში არიან. მთავარი რაზეც ვთანხმდებით არის ის, რომ პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს არამხოლოდ ისტერიკით და არაუბრალოდ იმ ინსტიქტით, რომ მტაცებელი იყო, არამედ უნდა კეთდებოდეს სიმშვიდით, კომპეტენციით, პატიოსნებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მსგავსი პოლიტიკური პარტია დავაარსოთ. კი, ამისთვის  ვმუშაობთ. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომელბიც ქართულ პოლიტიკას ისე უყურებს, როგორც მე. ჩვენი აზრები ემთხვევა ერთმანეთს. დიდი ხანია ვმუშაობთ ამაზე და ვფიქრობ, რომ შემოდგომისკენ რაღაც კონტურები გამოიკვეთება"- აცხადებს "პირველებთან" ნიკა ობოლაძე. 

 "ძლიერი პოლიტიკური ორგანიზმის" შექმნას აანონსებს ბორის ჩელე ყურუაც. "გვინდა, რომ მართლა ძლიერი ორგანიზმი შევქმნათ, რომელიც არ იქნება ორიენტირებული ვიღაცის მოტყუებისთვის ან იმისთვის, რომ ვიღაცის ალიანსს შეეტენოს და იქიდან გავიდეს მერე არჩევნებზე"- უთხრა მან "პირველებს". 

გვინდა, შევქმნათ პოლიტიკური ორგანიზმი, რომელიც არ იქნება მესამე ძალა ან ამათ შორის არსებული ძალა, არამედ ამ ყველაფრისგან მოშორებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ეცდება, დაამკვიდროს ახალი პოლიტიკური კულტურა. რატომ არ გავაკეთეთ აქამდე, რატომ დასჭირდა ამდენი დრო - გამომდინარე იქიდან, რომ ვმუშაობთ, ჩვენთვის პოლიტიკური პარტიის დაფუძნება არ იქნება მხოლოდ ფურცელზე რაღაცის დაწერა იმიტომ, რომ გვინდა, რომ მართლა ძლიერი ორგანიზმი შევქმნათ, რომელიც არ იქნება ორიენტირებული ვიღაცის მოტყუებისთვის ან იმისთვის, რომ ვიღაცის ალიანსს შეეტენოს და იქიდან გავიდეს მერე არჩევნებზე. შესაბამისად, ამას სჭირდება რესურსი, ხალხი, მუშაობა. აქტიურად ვართ უკვე დასკვნით ფაზაზე გადასული და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მაქსიმალურად მალე შეგვეძლება პრეზენტაცია,"- აცხადებს ჩელე ყურუა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღეში ინიციატივა “ჯერ საქართველო“ პარტიას აფუძნებს. ამის შემდეგ კი, ცნობილი გახდება მათი სამოქმედო გეგმა და ის, თუ რომელ პარტიებთან აპირებენ თანამშრომლობას.

როგორც ვიქტორ ყიფიანი “პირველებს“ ეუბნება, მნიშვნელოვანია მოჯადოებული წრე გაირღვეს და პოლიტიკურმა ძალებმა შეძლონ კონსოლიდირება, რათა რეალური შედეგები მოიტანონ ქვეყანაში.